Tuesday, November 26, 2024
3.8 C
Tbilisi

ცესკო-მ სამი ოპოზიციური გაერთიანების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მათ მიერ წარდგენილი საარჩევნო სიები გააუქმა

საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების – „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს.

როგორც ცესკო-ს განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება ცესკო-მ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო.

„აქვე, გვინდა, გამოვეხმაუროთ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტების განცხადებებს სიების გაუქმებასთან დაკავშირებით და განვაცხადოთ, რომ უწყების გადაწყვეტილება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იზიარებს პარტიების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით. ცესკო არ იზიარებს პოლიტიკური პარტიების მიერ სიების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოგზავნილ წერილებში გამოთქმულ პოლიტიკური ხასიათის და უსაფუძვლო შეფასებებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აღნიშნული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესახებ. ვთვლით, რომ აღნიშნული შეფასებები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და არ ასახავს რეალობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ცესკო-ში აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპების სრული დაცვით და ცესკო-ს მიერ შედგენილი იქნა კანონშესაბამისი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

„პარტიული სიების გაუქმების შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებები და წერილები გაეგზავნებათ შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები