რომან გოცირიძე: ევროკავშირი აპირებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას, ეს არის ძალიან კარგი

„ევროკავშირი აპირებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას. ეს არის ძალიან კარგი. როგორც ირკვევა, შეასრულეს მათ აღებული ვალდებულება, ჩაეხსნენ სისხლიან რუსულ ნავთობს და ლიბიიდან დაიწყეს შემოტანა.

თუ ეს ქარხანა განვითარდება და 2028 წელს მართლაც დაიწყებს დიზელისა და ბენზინის წარმოებას, ეს იქნება კარგი საქმე. დღეისათვის მხოლოდ დიზელის ნახევარფაბრიკატს უშვებენ, იმას, რაც რუსეთიდან შემოჰქონდათ და შემდეგ ქართული პროდუქციის სახით ექსპორტზე გაჰქონდათ, რაც რუსეთის დახმარება იყო სანქციების გვერდის ავლაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქარხანა მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან (მესაკუთრეებიდან და ფინანსებიდან გამომდინარე), საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება სასიკეთო როლი ითამაშოს ქვეყანაში ამ დარგის განვითარებაში.

ის, რომ ქარხანა სანქცირებულ რუსულ ნავთობს ჩაეხსნა, ეს საზოგადოების, პირველ რიგში კი თავისუფალი მედიის დამსახურებაა“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები