ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ სირაქლემას პოზიციას ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უწყების სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შიდა მონიტორინგის სამსახურმა უკვე თვეებია დაიწყო ამავე უწყების იურისტ ნათია სვანიძისა და ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის საქმის შესწავლა, სათანადო დასკვნა ჯერ კიდევ არ დადებულა – ამის შესახებ საინფორმაციო პორტალ region.ge-ს არასრულწლოვნების მშობელმა განუცხადა, რომლის მტკიცებითაც, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის სხვადასხვა რგოლის, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის კონკრეტული პირები, ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან და უფრო მეტიც, მათი დანაშაულებრივი საქმიანობა დღემდე გრძელდება.
“როგორც უკვე არაერთგზის ვთქვი, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის რიგი თანამშრომლების საქციელი არა მხოლოდ არაკომპეტენტურობის პიკია, არამედ დანაშაშაულებრივ შინაარსსაც ატარებს.
აქ ბავშვების მომავლით მანიპულირება ყოველდღიურობაა და ამ მანიპულაციისთვის ე.წ. ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლები არც ფაქტების გაყალბებას ერიდებიან და არც სისხლის სამართლის დანაშაულზე წასვლას, რასაც არასრულწლოვანზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის დამალვა ჰქვია, მაშინ, როცა, სწორედ ეს უწყებაა ვალდებული, მსგავს ფაქტებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს.
როგორც თქვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის იურისტი ნათია სვანიძე, რომელიც ერთმანეთისგან ბავშვს და ძაღლს ვერ არჩევს, დააწინაურეს.
მივმართავ ჯანდაცვის მინისტრ ბატონ სარჯველაძეს:
ბატონო მიხეილ, თქვენი უწყების აღნიშნული სსიპ-ის ე.წ. სოცმუშაკმა სალომე ჯიოშვილმა სასამართლოს წარუდგინა გაყალბებული დასკვნა არასრულწლოვნის შესახებ, დამალა მთელი რიგი ფაქტები, მათ შორის ისეთები, რომლებიც სისხლის სამართლის დანასაულების უმძიმეს ფაქტებს შეიცავდნენ. მოგვიანებით, ჩემი ცხრათვიანი ბრძოლის შემდეგ, სსიპ-ის შიდამონიტორინგის სამსახურმა დაადგინა დისციპლინარული გადაცდომა სალომე ჯიოშვილის, მისი განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლისა და თავად თბილისის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. ამ ყველაფერს კი ის შედეგი მოჰყვა, რომ სალომე ჯიოშვილი ჩემ საქმეს ჩამოაშორეს, ხოლო თბილისის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსულებელი თანამდებობაზე დანიშნეს და დღემდე ამ სავარძელშია.
ბატონო მიხეილ, თქვენი უწყების აღნიშნული სსიპ-ის ფსიქოლოგი ნინო სამხარაძე არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელმაც გააყალბა არასრულწლოვანთან გასაუბრების საკვანძო მომენტი და საკუთარ ე.წ. სიტუაციურ ანალიზში ეს ფრაგმენტი შეცვალა ისე, როგორც სავარაუდოდ უბრძანეს და რაც მოგვიანებით სხვა ადმინისტრაციული სახდელის დადების საფუძლად გამოიყენეს.
ბატონო მიხეილ, თქვენი უწყების აღნიშნული სსიპ-ის იურისტი ნათია სვანიძე, გარდა იმისა, რომ ერთმანეთისგან ბავშვს და ძაღლს ვერ არჩევს, არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელმაც, უწყების სხვა თანამშრომლებთან ერთად დამალა არასრულწლოვანზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები და უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებს მოძალადის მხარდასაჭერად.
ბატონო მიხეილ, თქვენი უწყების აღნიშნული სსიპ-ის შიდამონიტორინგის სამსახური უკვე თვეებია წელავს მოკვლევას იურისტ ნათია სვანიძისა და ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის მიმართ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით შეგნებულად ხორციელდება. ხოლო როდესაც მე მოკვლევის ტემპის გაჭიანურებისშესახებ მათ მივუთითე, რაღაც სასაცილო არგუმენტი მოიყვანეს, რომლის შესახებაც უკვე ვწერდი.
ბატონო მიხეილ, მიხედეთ ე.წ. ზრუნვის სააგენტოში არსებულ განუკითხაობას და სისტემურ დანაშაულს. დიახ, სისტემურ დანაშაულს, რადგან სხვა ვერაფრით შეიძლება აიხსნას ის კოორდინირებული უკანონობა, რასაც კონკრეტულად ჩემ ქეისთან მიმართებაში აქვს ადგილი.
აგრეთვე, მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს: კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე დიდი ხანია დევს განცხადებები სოცმუშაკ სალომე ჯიოშვილისა და ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის შესახებ.
აღნიშნულ საქმეებს კონკრეტული გამომძიებლები ჰყავთ. მივმართავ შსს-ს, დროულად დაიწყეთ აღნიშნული საქმეების გამოძიება, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნების არათუ საუკეთესოს, არამედ სასიცოცსლო ინტერესებს ეხება” – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.