საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში – “Financial Street Forum 2024: Fintech is bridging the digital divide“ მთავარი მომხსენებლის რანგში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმზე ვარლამ ებანოიძემ პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც ისაუბრა საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების „ღია პოლიტიკის“ სტრატეგიაზე და მის როლზე შუა კორიდორის ქვეყნებში რეალურ ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციის კიდევ უფრო მეტად აქსელერაციის თვალსაზრისით.
„საქართველოს მიზანია, საფინანსო სექტორში ინოვაციების წახალისება საზედამხედველო ჩარჩოების და პროაქტიული პოლიტიკის საშუალებით. მთავარი ამოცანა ტექნოლოგიური ინოვაციის ხელშეწყობაა, რაც ახალი ტექნოლოგიების ადრეული დანერგვითა და საქართველოს შუა დერეფნის რეგიონის ფინტექ ჰაბად პოზიციონირებით მიიღწევა“, – აღნიშნა ვარლამ ებანოიძემ.
ფორუმის – „ფინანსების ქუჩა 2024“ მთავარი მიზანი იყო დანაწევრებული ციფრული სამყაროს გაერთიანებაში ფინტექის როლის განსაზღვრა და ფინანსების ინკლუზიურობის ზრდაში ტექნოლოგიების გავლენის კვლევა.
ვარლამ ებანოიძესთან ერთად ფორუმის მთავარი მომხსენებლები იყვნენ Ant Financial-ის და “ალიფეი ჯგუფის” პრეზიდენტები, ასევე ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და უმსხვილესი ბანკების ხელმძღვანელი პირები.
აღნიშნულ ფორუმზე ვარლამ ებანოიძე უმსხვილესი ჩინური გადახდების სისტემა „ალიფეის“ მიწვევით იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ „ალიფეისთან“ ერთად დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ფინანსურ ბაზარზე შესაძლო ოპერირების კუთხით, მათ შორის რეგიონალური დაფარვის თვალსაზრისით.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.