GUARDIANGE – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლა (დაარსებიდან 1995 წლამდე რვაწლედი, 1995 წლიდან საშუალო, შემდეგ კი საჯარო სკოლა) 1962 წლიდან ფუნქციონირებს. 2004 წლიდან სკოლა დამატებით განკარგავს მომიჯნავე 210 კვ.მ. შენობას და 2 300 კვ.მ მიწის ნაკვეთს, თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა აღნიშნული შენობა-ნაგებობისა და ეზოს სკოლის ბალანსზე აყვანის საკითხის გადაწყვეტა.
როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულში სკოლის მომიჯნავედ მდებარე 2 300.93 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 210 კვ.მ. შენობა-ნაგებობა დღემდე ეკუთვნის სომხეთის რესპუბლიკაში მოქმედ საქველმოქმედო ფონდ „ჯავახკ“-ს, რომელიც მზად არის აღნიშნული უძრავი ქონება გადასცეს საქართველოს იმ პირობით, რომ ის, როგორც სასწავლო შენობა, უმოკლეს ვადაში გადაეცეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლას. შესაბამისი წერილით (#22-12/06) „ჯავახკ“-მა „საქართველოს უძრავი ქონების სამსახურს“ 06.04.2018 წელს მიმართა, როგორც ეს სომხური ენიდან თარგმნილ დოკუმენტშია მითითებული და დღემდე გაურკვეველია მიიღო თუ არა პასუხი მისგან.
(შენიშვნა: სავარაუდოდ, „ჯავახკის“ წერილის ადრესატი საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა. უწყებასთან ჩვენი სატელეფონო საუბრისას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ წერილი წესით მათ უწყებაში უნდა ყოფილიყო გაგზავნილი, თუმცა დაამატა, რომ ხანდაზმულობიდან გამომდინარე, არქივზე წვდომა არ გააჩნიათ და საკითხის გასარკვევად სააგენტოსგან საჯარო ინფორმაცია უნდა იყოს გამოთხოვილი). აღსანიშნავია, რომ ამ შენობით, „ქონების უსასყიდლოდ გამოყენების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, აბულის სკოლა 2004 წლიდან დღემდე უსასყიდლოდ სარგებლობს და დამხმარე სასწავლო შენობად იყენებს, მაგრამ, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, მის სკოლის ბალანსზე აყვანას ვერ ახერხებს.
საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE აღნიშნული და სკოლის სხვა აქტუალური საკითხების შესახებ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის დირექტორს, ბატონ მარტინ ხოცანიანს ესაუბრა.
ბატონი მარტინ ხოცანიანი უკვე 19 წელიწადზე მეტია აბულის საჯარო სკოლას წარმატებით უდგას სათავეში და როგორც GUARDIANGE-ისთან საუბარში აცხადებს, სანამ ამის შესაძლებლობა ექნება, მზად არის აღნიშნულ თანამდებობაზე განაგრძოს საქმიანობა და კვლავაც სკოლის განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდას მოახმაროს მთელი თავისი ენერგია.
ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე, უმკაცრეს კლიმატურ პირობებში მცხოვრები სოფელ აბულის მოსახლეობა მედგრად უმკლავდება ცხოვრების რთულ გამოწვევებს და გამონაკლისი არც ბატონი მარტინ ხოცანიანია, რომლის შეუპოვარი ხასიათისა და მტკიცე ნებისყოფის, ასევე პედაგოგების დაუღალავი შრომის შედეგად 64 წლის წინათ დაარსებული სოფლის სკოლა წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას და კეთილსინდისიერად ემსახურება მომავალი თაობების აღზრდას.
გთავაზობთ ბატონ მარტინ ხოცანიანთან ინტერვიუს, სადაც იგი სიამაყით ამბობს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში განსაკუთრებით არის შეცვლილი სურათი ეთნიკური სომხების ქართულ სახელმწიფოსთან ინტეგრირების თვალსაზრისით და ამის ერთ-ერთ მთავარ დამადასტურებელ ფაქტს ის წარმოადგენს, რომ აბულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 70-80% საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებსა თუ პროფესიულ კოლეჯებში განაგრძობს სწავლას.
GUARDIANGE: ბატონო მარტინ, გთხოვთ, დეტალურად გაგვაცნოთ თქვენ ხელთ არსებული ინფორმაცია სოფელ აბულში სკოლის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის შესახებ, რომელიც, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, დღემდე ეკუთვნის სომხეთის რესპუბლიკაში მოქმედ საქველმოქმედო ფონდ „ჯავახკ“-ს, თუმცა მას გამოხატული აქვს მზაობა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება გადასცეს საქართველოს იმ პირობით, რომ ის, როგორც სასწავლო შენობა, უმოკლეს ვადაში გადაეცეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლას. რა აფერხებს ამ საკითხის გადაწყვეტას?
მარტინ ხოცანიანი: პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ საკითხით დაინტერესების გამო. თავდაპირველად გეტყოდით, რომ ამ შენობაში უკვე წლებია დაწყებითი კლასები – 3 კლასი სწავლობს. თავადაც ნახეთ, რომ აქ სასწავლო გარემოსთვის არახელსაყრელი პირობებია. რატომ? იმიტომ, რომ ამ შენობას, რომელიც უნდა ითქვას, რომ კაპიტალურია, ესაჭიროება რემონტი, მაგრამ ჩვენ სარემონტო სამუშაოების განხორციელება არ შეგვიძლია, რადგან ის ჩვენს ბალანსზე არ ირიცხება, 2004 წელს, 20 ოქტომბერს, როდესაც სკოლის დირექტორი ბატონი არზუმან ვოსკანიანი იყო, ჩვენ „ჯავახკის“ ფონდიდან მივიღეთ ეს შენობა, უფრო სწორად, გადაეცა რესურსცენტრს, მაშინდელ ახალქალაქის სახალხო განათლების განყოფილებას, რომლის გამგეც მაშინ ბატონი ნარცის კარაპეტიანი გახლდათ. გაფორმდა ქონების უსასყიდლოდ გამოყენების შესახებ ხელშეკრულება, მათ შორის მიღება-ჩაბარების აქტი, და უსასყიდლო, უვადო სარგებლობაში ჩაბარდა სკოლის მომიჯნავედ მდგარი საცხოვრებელი სახლი, რომელიც რეკონსტრუქციის შემდეგ სკოლის შენობად გამოიყენება. მაგრამ მეუბნებიან, რომ არ გვაქვს ჩვენი სკოლის ბალანსზე აყვანის უფლება, რადგან ამბობენ, რომ ეს არ არის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული. აი ეს არის მხოლოდ მიზეზი, სხვა მიზეზი არ არსებობსო. მე მივმართე სომხეთში, „ჯავახკს“, ახალქალაქის რესურსცენტრს, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელს, მაგრამ დადებითი პასუხი ვერ მივიღე.
GUARDIANGE: ორგანიზაცია „ჯავახკი“, რომელიც დღემდე ამ შენობის მფლობელად არის მიჩნეული, ამჟამად თუ ფუნქციონირებს და რა არის მისი პოზიცია აღნიშნული საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით?
მარტინ ხოცანიან: დიახ, ეს ორგანიზაცია ამჟამადაც ფუნქციონირებს, სომხეთის რესპუბლიკაში. 2015-2016 წლებში ორჯერ ვიყავი სომხეთში, შევხვდი სომხეთის პარლამენტის წევრს, ბატონ შირაკ ტოროსიანს, რომელიც წარმოშობით საქართველოდან, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძიდანაა. მისი დახმარებით „ჯავახკის“ კანცელარიის წარმომადგენელთან მქონდა შეხვედრა, მათი ოფისი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია. გამოხატეს მზადყოფნა, რომ რაც კი მათზე იქნებოდა დამოკიდებული, დამეხმარებოდნენ. მე შევთავაზე, რომ შეგვედგინა ოქმი, რომელშიც ეწერებოდა, რომ ისინი ამ შენობას ჩვენ გვაძლევდნენ. მირჩიეს, მეთხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ მათგან მივიღე პასუხი, რომ თუკი ისინი ამ შენობას გვაჩუქებდნენ, მათ ყოველ წელიწადს სომხეთის სახელმწიფოსთვის თანხა უნდა გადაეხადათ. მე არ მესმის, რატომ უნდა ეხადათ ყოველწლიურად ამისათვის ფული, შესაძლოა რაღაც კანონი ავალდებულებს ამას, მე არ ვიცი… მოკლედ, ცარიელი ხელებით დავბრუნდი უკან. ამის შემდეგ, ახალქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართე, გადავეცი ყველა დოკუმენტი, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ელექტრონული ფოსტით სამინისტროსაც გადავუგზავნე დოკუმენტაცია, მაგრამ საკითხი დღემდე ჰაერშია გამოკიდებული. მე არ ვიცი უკვე ვის მივმართო.
ამდენი ხნის შემდეგ, მოგმართავთ თქვენ, თქვენს მედია ორგანიზაციას და იმედს ვიტოვებ, რომ გაგვიწევთ სათანადო დახმარებას, რომ ეს სკოლის მომიჯნავე, ცალკე მდგომი შენობა და მიწის ნაკვეთი ბალანსზე ავიყვანოთ, რომ მე, როგორც სკოლის დირექტორმა შევძლო, ზამთრის დადგომამდე ფანჯრები მაინც შევცვალო, თქვენ თავად ნახეთ, თუ რა არასახარბიელო მდგომარეობაშია აღნიშნული შენობა. ზამთარი მოდის და ჩვენი სოფელი, აბული, შეიძლება ითქვას, რომ კავკასიის ციმბირია, დილის საათებში ყინვა -28, -30 გრადუსს აღწევს. პირველ რიგში, იქნებ ფანჯრები მაინც შევცვალოთ, მაგრამ მე ამის უფლება არ მაქვს. ამ ეტაპზე ერთ თეთრსაც ვერ დავხარჯავთ, რადგან ბალანსზე არ გვიზის შენობა.
GUARDIANGE: თუკი სასურველი შედეგი ვერ დადგება, რაში ხედავთ გამოსავალს? შესაძლოა, რომ ამ შენობაში სასწავლო პროცესი შეჩერდეს?
მარტინ ხოცანიან: გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი რაშია გამოსავალი, ამ წელს როგორღაც გავიტანთ ისევ თავს, გადავაკრავთ ცელოფნებს, შევფუთავთ ფანჯრებს, რომ საკლასო ოთახებში სითბო შენარჩუნდეს, მაგრამ შემდეგ წელსაც თუკი მოუგვარებელი იქნება პრობლემა, მაშინ ალბათ მეორე ცვლის დამატება მოგვიწევს, რადგან სხვაგვარად შეუძლებელი იქნება აქ სწავლის გაგრძელება. ბავშვების ჯანმრთელობის გულისთვის უმჯობესი იქნება სწავლა ორ ცვლაში გვქონდეს, ვიდრე ამავე შენობაში გაგრძელდეს სასწავლო პროცესი. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის ძირითად შენობაში საკლასო ოთახების რაოდენობა ვერ გვყოფნის, ამიტომ მეორე ცვლის დამატება გახდება საჭირო. ჯერ არ ვიცი, რა იქნება. ვფიქრობ, რომ თქვენი მედია ორგანიზაციის ჩართულობა ამ პროცესში, საკითხის უფრო სიღრმისეულად შესწავლა მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ სწავლის ორ ცვლაში გაგრძელების საჭიროება არ დადგეს.
GUARDIANGE: ბატონო მარტინ, რამდენი ხანია, რაც სკოლის სათავეში ხართ? როდესაც ამ თანამადებობაზე მუშაობას შეუდექით, რა მდგომარეობაში იყო შენობა, ვგულისხმობ სკოლის ძირითად შენობას და რისი გაკეთება შეძელით ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
მარტინ ხოცანიან: მადლობა ამ შეკითხვისთვის. მე დირექტორის პოსტზე 2005 წლის 10 მარტს, ჩემი დაბადების დღეზე დავინიშნე. მადლობა ჩვენს სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართთველობას, რესურსცენტრს, რომ ისინი მენდნენ მე და ამ სკოლის მართვა მომანდეს. მე უზომოდ მიყვარს ჩემი საქმე. ამ პოსტზე მუშაობის შედგომიდან თითქმის ყოველ წელს რაღაცას ვაკეთებთ. არ არის წელი, როცა რაიმე ფორმის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩაგვეტარებინოს – ხან მეტი, ხან ნაკლები – იმის ფარგლებში, რაც ჩვენი ბიუჯეტით შეგვიძლია. შესაძლოა, არ ღირს ამის თქმა, მაგრამ რადგან შეკითხვა პირდაპირ დამისვით, თუ რა გაკეთდა, გეტყოდით, ბოდიშს გიხდით, მაგრამ სკოლაში, თქვენ წარმოიდგინეთ ტუალეტიც კი არ იყო და ბავშვებს სკოლასთან ახლოს მცხოვრები ოჯახების ტუალეტებში უწევდათ გადარბენა. პირველი რაც გავაკეთეთ, ეს ტუალეტი იყო, სკოლის ეზოში – ცალკე ბიჭებისთვის, ცალკე გოგონებისთვის, ჩვენი ძალებით. მაშინ სკოლების დაფინანსების საკითხი სულ ახალი ფეხადგმული იყო. ახლა უკვე სკოლის შენობაშია მოწყობილი სველი წერტილები, წყალი მუდმივად მოგვეწოდება და ჰიგიენის ყველა ნორმა დაცულია.
ჩვენი სკოლის შენობა 1962 წელსაა აშენებული და ბევრი რამ იყო უკვე შესაცვლელი. იატაკი მოძველებული იყო, გაჩენილი ჰქონდა ჭიები, ტარაკნების და სხვა მწერების ბუდედ იყო ქცეული. პირველი ამ იატაკის გამოცვლა დავიწყეთ. ამოვყარეთ მთლიანად იატაკი, რადგან როგორც გითხარით, სწორედ ის იყო მთავარი სიბინძურის სათავე.
თუ სწორად მახსოვს, 2008-2009 წლებში ჩვენს სკოლაში მასობრივი ინფექციური დაავადება დაფიქსირდა. მე დაუყოვნებლივ დავრეკე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ეკიპაჟი, თავისი სრული ლაბორატორიული აღჭურვილობით 4-5 საათში აქ გაჩნდა, სკოლაში, და შესაბამისი პროცედურები ჩატარდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა… და ჩვენ დავიწყეთ იატაკის ამოყრა და ახლის დაგება. ყოველ წელს 2-3 საკლასო ოთახს მაინც ვარემონტებდით, სამასწავლებლოც მოვაწესრიგეთ და შემდეგ უკვე დერეფნები, დავაგეთ მეთლახი. 4-5 წლის წინათ რომ მოსულიყავით, სხვა სურათი დაგვხვდებოდათ, დღეს კი უკვე ნორმალური გარემოა. მე გავაკეთე იმდენი, რამდენიც შევძელი.
GUARDIANGE: ამჟამად რა საკითხების მოგვარება გაქვთ დღის წესრიგში? სკოლას არ აქვს სამედიცინო ოთახი, სპორტული დარბაზი, სასადილო. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის ბიუჯეტით ამ საკითხების მოგვარება შეუძლებელი იქნება, ალბათ განათლების სამინისტროსთვის მოგიწევთ მიმართვა, რომ დააფინანსოს ეს პროექტები, რადგან სხვაგვარად ავტორიზაციის გავლას ვერ შეძლებთ.
მარტინ ხოცანიანი: მე იმედს ვიტოვებ, რომ განათლების სამინისტრო, მისი შესაბამისი დეპარტამენტები ამას გაითვალისწინებენ და აღმოგვიჩენენ დახმარებას, სხვაგვარად, ჩვენი სახსრებით, ავტორიზაციისთვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილება, შეუძლებელი იქნება. ჩვენ შევადგინეთ ცხრილი, სადაც პასუხები გავეცით, თუ რა შევძელით საკუთარი ძალებით, რა ვერ შევძელით და რისი გაკეთებაა საჭირო და ეს გავუგზავნეთ განათლების სამინისტროს. მოკლედ, გვესაჭიროება ექიმის კაბინეტი, სპორტული დარბაზი, ცენტრალური გათბობა. ეს სამი უმთავრესი საკითხია, რომლის გადაჭრაც სკოლას თავისი ბიუჯეტით არ ხელეწიფება, რადგან მიმდინარე შესყიდვები – საწვავის, შეშის და ა.შ. დაახლოებით 25 000 ლარამდე აღწევს. მე არ ვიცი რამდენი შეიძლება დაჯდეს სპორტდარბაზის აშენება, მაგრამ ვიცი, რომ ძვირი იქნება. თავად რომ გაგვაჩნდეს ფინანსები, შემდეგი გაზაფხულისთვის სპორტულ დარბაზსაც ავაშენებდით, ცენტრალურ გათბობასა და ექიმის კაბინეტსაც გავაკეთებდით. ცენტრალური გათბობა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რადგან, ჯერ ეს ერთი გაცილებით უკეთესად ათბობს საკლასო ოთახებს და მეორეც, სისუფთავის დაცვაც უფრო ადვილია. ასეთ პირობებში კი, რამდენიც არ უნდა არემონტო საკლასო ოთახები, ისეთი მაინც არაა, როგორიც უნდა იყოს, რადგან კვამლი მურავს.
GUARDIANGE: რამდენადაც ვიცი, სოფელში ამჟამად ბუნებრივი აირი არ არის შემოყვანილი. ეს ალბათ, ერთ-ერთი ის საკითხია, რომლის მოგვარებასაც ელოდება სკოლა და მთელი სოფელი. თქვენს მეზობლად, თახჩაში, კერძო პირების დახმარებით უკვე შეიყვანეს გაზი. როგორ ფიქრობთ, რამდენი დრო დასჭირდება გაზის იქიდან თქვენამდე შემოყვანას?
მარტინ ხოცანიან: დიახ, თახჩაში უკვე შეყვანილია გაზი, სპონსორი დაეხმარა სოფელს. აქ მთავარი ის კი არაა, რომ ბუნებრივი აირი იყოს. მთავარია, რომ ცენტრალური გათბობის სისტემა მოვაწყოთ მანამდე, ვიდრე აქ გაზს შემოიყვანენ. და თუკი ბუნებრივი აირის შემოყვანა დაგვიანდება, შეგვიძლია გათბობის სისტემა შეშაზე, ბრიკეტებზე ან ქვანახშირზე, ანდა სულაც ელექტროენერგიაზე ვამუშაოთ. არაერთ სკოლაში ეს უკვე გაკეთდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარია შევძლოთ ცენტრალური გათბობის გაკეთება, და მისი ამუშავება არ იქნება პრობლემა. მაგრამ რამდენადაც ვიცი, გათბობის სისტემის დამონტაჟება 100 000 ლარი ან მეტიც კი ჯდება, ეს თანხა კი სკოლას არ გააჩნია. თუმცა მე მჯერა, რომ ჩვენი სახელმწიფო ეტაპობრივად მოგვიგვარებს ამ პრობლემებს, ჩვენ უბრალოდ მოთმინების უნარი უნდა გაგვაჩნდეს. მე ამას ვამბობ არა როგორც მხოლოდ დირექტორი, არამედ, როგორც პედაგოგიც. მასწავლებლისთვის ყევლაზე დიდი სიმდიდრე, ეს მოთმინებაა. თანდათანობით ყველაფერი იქნება. მე ცენტრალურ გათბობაზე, სპორტულ დარბაზზე და ამგვარ საკითხებზე კი არ უნდა ვიზრუნო მხოლოდ, არამედ სხვა მხრივაც უნდა შევქმნა ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეებს წარმატების მიღწევა შეეძლებათ. და მთვარი რა არის იცით? ის, რომ ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, ჩვენი კურსდამთავარებულები აბარებენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში – 9, 8, 7 ბავშვი მაინც, თითქმის, 70-80% სწავლობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სხვა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებსა თუ კოლეჯებში, მხოლოდ 1 ან 2 აბიტურიენტი თუღა მიდის სომხეთში, მთავარია, რომ 70% მიდის თბილისში, ახალქალაქში, ახალციხეში. აი, ეს არის ჩვენი წარმატება.
GUARDIANGE: ამ თემის წამოწევა ჩვენც გვინდოდა და დიდი მადლობა რომ თავად მოგვაწოდეთ ინფორმაცია. დაზუსტებისთვის, რამდენი წელია, რაც თქვენი სოფლიდან მოზარდების უმრავლესობა არა სომხეთში, არამედ საქართველოს უნივერსიტეტებში მიდიან სასწავლებლად?
მარტინ ხოცანიანი: დაახლოებით 9-10 წელია, რაც უკვე გეზი ქართული უმაღლესი სასწავლებლებისკენ აიღეს ჩვენის სკოლის კურსდამთავრებულებმა. მაგალითად, ჩვენი ყოფილი მოსწავლეებიდან 5-6 უკვე ჩვენსავე სკოლაში ასწავლის, ერთ-ერთი ბილინგვური სწავლების პროცესშია ჩართული. ეს ჩვენი სიამაყის საგანს წარმოადგენს.
GUARDIANGE: თქვენს პედკოლექტივში თითქმის ყველა თაობის ადამიანია წარმოდგენილი. მე ვხედავ ახალგაზრდებს, საშუალო და უფროსი თაობის წარმომადგენლებს. ვინ არის თქვენი სკოლის ყველაზე დიდი სტაჟის მქონე და დამსახურებული პედაგოგი?
მარტინ ხოცანიანი: ეს გახლავთ ქალბატონი აღუნიკ ვოსკანიან-დარბინიანი. იგი 1944 წელსაა დაბადებული. 80 წლისაა. 60 წელზე მეტია, რაც ამ სკოლაში ასწავლის. მე თაყვანს ვცემ ამ ქალბატონს, ჩემს მასწავლებელს. მე 64 წლის ვარ და ეს ქალბატონი ისევ ჩვენთან მუშაობს. იგი მე პირველიდან მე-6 კლასამდე მასწავლიდა, ამჟამადაც ენერგიული, სიცოცხლით სავსე და წარმატებულია, სომხურ ენასა და ლიტერატურას და მათემატიკას ასწავლის, ადრე, 50 წლის განმავლობაში გერმანულ ენასაც ასწავლიდა.
როცა მას კვირაში 14 საათს ვთავაზობ, იგი მეუბნება, შეგიძლიათ მეტი საათი, 18, მომცეთ… მე მას მადლობას ვუხდი ამ უზარმაზარი შრომისათვის, დაე ასეთი მასწავლებლები ბევრნი იყვნენ. იგი არა მხოლოდ მასწავლებელია, არამედ ჩვენი სკოლის მრჩეველიცაა, ჩვენი სკოლის ფუნდამენტია.
მას ყველაზე მეტად ვენდობი ყველა საქმეში. თუკი, მაგალითად 2-3 დღით მივლინებაში მიწევს წასვლა და მას ვთხოვ, რომ სკოლის საქმეებს მიხედოს, შეუძლია ჩემზე უკეთ უხელმძღვანელოს სკოლას. მას უზომოდ დიდი ენერგია აქვს, დაუღალავი ადამიანია, არ ვიცი, მართლა იშვიათი პიროვნებაა. ვისურვებდი, რომ კიდევ დიდხანს ყოფილიყოს მომავალი თაობების აღმზრდელი.
GUARDIANGE: ამჟამად რამდენი პედაგოგია სკოლაში, მათგან რამდენია კვალიფიცირებული და რამდენი ჯერ კიდევ მაძიებელი? ასევე როგორი მდგომარეობაა მოსწავლეთა რაოდენობის მხრივ. რა ტენდენციაა ბოლო წლებში, მატების თუ კლების?
მარტინ ხოცანიანი: სკოლაშიახლა 24 მასწავლებელია, მათგან 90-95% უფროსია, სამი ამ წელს უნდა გახდეს უფროსი, მათ გამოცდა უკვე ჩააბარეს.
რაც შეეხება მოსწავლეებს. ამ მხრივ ძალიან საგანგაშო სურათი იკვეთება. როცა მე ვიყავი მოსწავლე, მაშინ 8-წლიანი სკოლა იყო და არა საშუალო და მიუხედავად ამისა, თქვენ წარმოიდგინეთ, 280 მოსწავლე სწავლობდა. ჩემს ბავშვობაში აქ პარალელური კლასები იყო, ჩემს კლასში 33 მოსწავლე ვიყავით. მე-8 კლასის დამთავრების შემდეგ ახალქალაქის სკოლა-ინტერნატში განვაგრძობდით სწავლას. 1995 წლის შემდეგ სკოლა საშუალო გახდა, თუმცა მოსწავლეთა რაოდენობის შემცირების პროცესი დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება, არ ვიცი მიგრაციის თუ დემოგრაფიული პრობლემების გამო, ალბათ, ორივე მიზეზის გამო. ბოლო სამ წელს თუ ავიღებთ, სამი წლის წინ 113 მოსწავლე სწავლობდა, ახლა კი 80 გვყავს, 33-ით ნაკლები. უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ჩვენი სოფლიდან მიგრაციას არ აქვს ადგილი, მაგრამ შობადობაა შემცირებული. 2-3 წელიწადში 1 ოჯახი თუ იქმნება მხოლოდ. გასულ წელს, მაგალითად, 10 პირველკლასელი გვყავდა, ამ წელს კი 4. გასულ წელს 11-მა დაამთავრა მე-12 კლასი და მხოლოდ 4 შემოვიდა პირველ კლასში.
GUARDIANGE: 1-ელი ივლისიდან მასწავლებლებს ხელფასები საგრძნობლად მოემატათ. რა თქმა უნდა, მასწავლებლებისთვის ეს სასიამოვნო ამბავი იქნება. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაზრდის ეს მათ მოტივაციას?
მარტინ ხოცანიან: ამ კარგი სიახლის შემდეგ, ეს-ესაა რაც დავიწყეთ ახალი სასწავლო წელი და ნაადრევი იქნებოდა იმაზე საუბარი, თუ რა სტიმულის მიმცემი შეიძლება აღმოჩნდეს ეს პედაგოგებისთვის, დროა საჭიროა ამის შესაფასებლად, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ხელფასების მომატებამდეც არ აკლდათ ჩვენს პედაგოგებს მოტივაცია. მე გესაუბრეთ ჩვენს წარმატებაზე, იმაზე, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები თბილისში, ახალციხეში, ახალქალაქში განაგრძობენ სწავლას, წარმატებით ასრულებენ უმაღლეს სასწავლებლებს თუ პროფესიულ კოლეჯებს. ვფიქრობ, რომ თუკი პედაგოგი მოწოდებითაა პედაგოგი – მართალია ფულიც საჭიროა კეთილდღეობისთვის, პირადი თუ ოჯახის სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად – მაგრამ, თუკი პედაგოგის სახელი გქვია, ვფიქრობ, რომ ანაზღაურებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.
მე თქვენ ქალბატონ აღუნიკ ვოსკანიან-დარბინიანზე გესაუბრეთ. მეც მასთან და სხვებთან ერთად ვასწავლიდი 90-იანი წლების დასაწყისში, კუპონების ეპოქაში და მაშინაც, როცა ხელფასი ოფიციალურად 27 ლარი იყო – იმ დროს, როცა ხელფასები თვეობით და წლებითაც კი გაყინული იყო – ბნელ, მრუმე დროებაში, მაგრამ მასწავლებლები მაინც წარბშეუხრელად მუშაობდნენ, შრომობდნენ და პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. მათ არ დაუტოვებიათ სკოლა. ჩვენ, პირველ რიგში, ბავშვებისთვის ვმუშაობთ. პედაგოგი ფსიქოლოგია, აღმზრდელია, სულითაა მოწოდებული იმისათვის, რომ ჯანსაღი და განათლებული მომავალი თაობები აღზარდოს, სიტყვებს ვერ ვპოულობ მათი ღვაწლის შესაფასებლად. ასე რომ, ვფიქრობ, ფული პირველი რიგის საკითხი არაა.
მე ჩვენი სკოლის არაერთ პრობლემაზე გესაუბრეთ. პრობლემა ბევრია, არის პირველი და მეორე ხარისხის პრობლემები, მაგრამ ყველაზე მთავარია, გიყვარდეს შენი საქმე, შენი სპეციალობა, ბავშვები. როგორც პედაგოგს და როგორც დირექტორს, მე მიყვარს ბავშვები. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ პედაგოგი გავმხდარიყავი. პირველ კლასში, როცა მასწავლებელმა მოგვცა დავალება დაგვეწერა თემა, ვინ გვინდოდა გავმხდარიყავით, მე დავწერე, რომ მასწავლებლობა მსურდა. ვფიქრობ, რომ დღემდე კეთილსინდისიერად ვემსახურები ამ დიდებულ პროფესიას და სანამდეც მეყოფა ენერგია, ვიმუშავებ.
მინდა სახელმწიფოსაც გადავუხადო მადლობა. მადლობა განათლების სამინისტროს, მადლობა ახალქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას, რესურსცენტრს, მის უფროსს, ქალბატონ თერეზა ჩივჩიანს, ყველას, ვისაც ჩვენი სოფლისა და ზოგადად, რეგიონის სომხურენოვანი საჯარო სკოლების განვითარებაში წვლილი შეაქვს. სამინისტროს და სხვა უწყებების მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, თუ გნებავთ, წიგნების და სხვა რესურსების მოწოდების მხრივ, ვფიქრობ, ვერ ვიქნებოდით ასე წარმატებული და არ გვექნებოდა ასეთი კარგი შედეგები.
უნდა აღვნიშნო, რომ საზოგადოებისთვის ყველაზე დიდი მოტივაცია თანასწორობაა; რომ მე და თქვენ ერთი უფლება გვაქვს; რომ ჩვენ ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ – განძელი ხარ, ხაშურელი, აბულელი, თბილისელი თუ ახალქალაქელი, ჩვენ ერთი ორგანიზმი ვართ, გვაქვს ერთიანობის უნარი და შეგვიძლია ვიაროთ განვითარების გზაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოთმინება უნდა ვიქონიოთ, ეტაპობრივად, პრობლემების დიდი ნაწილი გადაწყდება. აგერ, ჩვენს სოფლამდე უკვე ბეტონის კარგი გზა დაიგო და ხალხს ცხოვრება გაუადვილდა. ეს სიცოცხლის და ცხოვრების მასტიმულირებელი გზაა. დარწმუნებული ვარ, გაზიც შემოვა, სკოლის ზემოაღნიშნული საკითხებიც მოგვარდება და კიდევ უფრო წინ წაიწევს ცხოვრება.
ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი სახელმწიფო უფრო განვითარდეს და აყვავდეს და ჩვენი იმედები ასრულდეს, არა მხოლოდ ჩვენი იმედები, ჩვენი ბავშვებისაც. ვისურვებდი, რომ ისინი ყოფილიყვნენ განათლებული, ცივილიზებული და ინტეგრირებული ჩვენს სახელმწიფოში. აი, ესაა ჩვენი მიზანი. სკოლის რემონტი, სკოლის ინფრასტრუქტურის მაქსიმალური განვითარება ერთი მიზნისკენაა მიმართული, აღვზარდოთ ისეთი ბავშვები, როგორიც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და თანამედროვე მსოფლიოს, ისეთი თაობა, რომელიც ხვალინდელი რთული გამოწვევების დაძლევას შეძლებს. მთავარია, ისინი პატიოსანი მოქალაქეები იყვნენ და გამოადგნენ ჩვენს ქვეყანას.
GUARDIANGE: ბატონო მარტინ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებას გისურვებთ.
საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE კვლავ დაუბრუნდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, შეისწავლის სკოლის მომიჯნავე შენობისა და მიმდებარე მიწის ნაკვეთის სკოლის ბალანსზე აყვანის საკითხის პროცედურულ მხარეს და ამის შესახებ დამატებით აცნობებს საზოგადოებას.
უნდა ითქვას, რომ პირველადი დათვალიერებით, მომიჯნავე შენობა ნამდვილად სავალალო მდგომარეობაშია, რემონტს საჭიროებს საკლასო ოთახები, თვალსშისაცემად ამორტიზებულია იატაკი, დაზიანებულია ფანჯრები, რაც განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია, გამომდინარე იქიდან, რომ ზამთრის პერიოდი ახლოვდება და ფანჯრების გამოცვლა გადაუდებლად უნდა მოხდეს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც აღნიშნულ შენობაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლობენ და ზამთარში ტემპერატურა -30 გრადუს ცელსიუსაც კი აღწევს. აღსანიშნავია, რომ სოფელი აბული ზღვის დონიდან 1960-2020 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
დაბლა იხილეთ GUARDIANGE-ის ფოტოები სრულად