Saturday, November 23, 2024
14.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება, აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გვექნება პირველ ოქტომბერს და დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას მთელ იმ გეგმას, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან შემდეგი 4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მან თქვა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება, აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების დღის წესრიგში მუდმივად არის მომავალთან დაკავშირებული შეთავაზებები.

„როდესაც, მაგალითად, იმართება მთავრობის სხდომა, პრაქტიკულად, ყველა სხდომაზე ჟღერდება ახალი ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება სამომავლო განვითარებას, მათ შორის, ეკონომიკურ განვითარებას. ამ ყველაფერს ჩვენ თავს მოვუყრით საარჩევნო პროგრამაში, რომლის პრეზენტაცია გვექნება პირველ ოქტომბერს და დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას მთელ იმ გეგმას, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან შემდეგი 4 წლის განმავლობაში. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება არის პრიორიტეტი. როგორი კარგი ეკონომიკური პოლიტიკაც არ უნდა გქონდეს, როგორი ზრდაც არ უნდა გქონდეს ეკონომიკურად და ა.შ. თუ პოლიტიკური პრობლემა არ მოგვარდა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დადგეს ქვეყანა. როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა ერთ-ერთ შეკრებაზე – არ შეიძლება მუდმივად ვიაროთ დანაღმულ ველზე, არ შეიძლება უბრალოდ და დღემდე გვაქვს ასეთი ვითარება. ამიტომ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, რისთვისაც აუცილებელია „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება, არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივი დაბრკოლებები გვექნება ჩვენ განვითარების გზაზე. ამიტომ ეკონომიკა და „ნაცმოძრაობის“ აკრძალვაც პირდაპირ არის ერთმანეთთან დაკავშირებული,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნაწილის დასახელება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში იგეგმება, ხოლო სრულ სიას 26 სექტემბერს წარადგენენ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუნდში იქნება განახლება.

„ჩვენ ვფიქრობთ სიის დასახელებას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. სიახლეები, განახლება გვექნება გუნდში. ეს ყოველ ჯერზე ხდება. ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკის ჯანსაღი შემადგენელი ნაწილი და ამ შემთხვევაშიც გვექნება განახლება.

რაც შეეხება მთლიანად სიას, ეს მიღებული პრაქტიკაა, რომ სიის წარდგენა ხდება ხოლმე ზუსტად ბოლო დღეს, როცა ეს იურიდიულად არის შესაძლებელი და ეს უწევს 26 სექტემბრისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები