„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თიკა ბოკუჩავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევა მოხდება.
ასევე, ბოკუჩავას თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე პლატფორმა „ერთიანობას“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდება.
„პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არის პარტიის ყრილობა, სადაც, ერთი მხრივ, მოხდება ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევა, რომლის კანდიდატურაც პარტიას შემოგვთავაზა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ასევე, დღევანდელ ღონისძიებაზე ჩვენს პლატფორმას, „ერთიანობას“, შემოუერთდება „ევროპული საქართველო“. ერთიანობა ჩვენთვის არ არის მხოლოდ სიტყვა ან საარჩევნო სლოგანი, ეს არის იდეა, რომლისაც გვწამს. გვჯერა, რომ ერთიანობით გავიმარჯვებთ იმ უმნიშვნელოვანეს არჩევნებში, რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილებები. მოხარული ვარ, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო მსხვილდება, კიდევ უფრო მეტი ძალით, ენერგიით შევა არჩევნებში, რომლითაც, დარწმუნებული, ვარ ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ევროპულ პერსპექტივას. პრეზიდენტი სააკაშვილი არის დამფუძნებელი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, ჩვენი მთავარი ელექტორალური ძალა“, – განაცხადა ბოკუჩავამ, როგორც ამას პირველი არხი იტყობინება.