საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან პარტნიორობით, ჩაატარა ეროვნული სემინარი თემაზე: “მაკროეკონომიკური ანალიზი/ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა (FPP)”.
სემინარს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) წამყვანი ანალიტიკოსები უძღვებოდნენ.
სემინარი მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეებისთვის მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების შესაძლებლობების განვითარებას. კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაეფართოებინათ პროფესიული კავშირების წრე. ასეთი ტრენინგი ხელს უწყობს კოლეგებს შორის ეკონომიკური პოლიტიკის განხილვას, რითაც მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზედამხედველობასა და პროგრამულ მოლაპარაკებებს. სამუშაო შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლები.
სემინარის ბოლოს პანელური დისკუსია გაიმართა, რომელიც საქართველოს ბოლო პერიოდის მოვლენებსა და ეკონომიკურ პერსპექტივას მიეძღვნა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ CCAMTAC-ის დირექტორი ბ-ნი ნორბერტ ფუნკე, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი შალვა მხატრიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ცოტნე მარღია, რომელთაც ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე და მონაწილეებს კარგი შესაძლებლობა მისცეს მაღალი დონის ეკონომიკური პოლიტიკის დიალოგში ჩართულიყვნენ.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და სერტიფიკატები გადასცა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ. თავის გამოსვლაში მან სავალუტო ფონდის უწყვეტ მხარდაჭერასა და ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ვუმასპინძლოთ სემინარს, რომელიც საჯარო სექტორში მომუშავე სპეციალისტთა პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ცოდნა, რასაც მონაწილეები ამ დონის საერთაშორისო ექსპერტებისგან შეიძენენ, ერთი მხრივ აამაღლებს მათ პროფესიონალიზმს და გააუმჯობესებს მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების ხარისხს, მეორე მხრივ კი გააღრმავებს თანამშრომლობას ჩვენს ორგანიზაციებს შორის”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ნორბერტ ფუნკემ საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა სამუშაო შეხვედრის თბილისში ჩატარებისას გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისა და თანამშრომლობისთვის. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოლიტიკის რჩევებით, დაკრედიტებით, ტრენინგებით და ტექნიკური დახმარებით საქართველოს ათწლეულების განმავლობაში უჭერდა მხარს. 750-ზე მეტმა ქართველმა ოფიციალურმა პირმა ისარგებლა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის თბილისში გამართული საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის (JVI) ტრენინგებით.
“სსფ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა ორმხრივად სასარგებლოა. საერთაშორისო სავალუტო ფონდით არა მხოლოდ საქართველომ ისარგებლა, არამედ ქართველმა ექსპერტებმა აქტიური წვლილი შეიტანეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაძლებლობების განვითარებაში და საქართველოს რეფორმების გამოცდილება გაგვიზიარეს. წლის დასაწყისში, CCAMTAC-ის სამუშაო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყაზახეთისა და უზბეკეთის მაღალი რანგის ცენტრალურ ბანკირებს უმასპინძლა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. დასაფასებელია ხელისუფლების ფოკუსი და ინიციატივა პროფესიული სწავლის შესაძლებლობების შექმნისა და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებისთვის”, – განაცხადა ნორბერტ ფუნკემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის პროფესიული განვითარების რეგიონული ცენტრი (CCAMTAC) წარმოადგენს სსფ-სა და ცხრა წევრი ქვეყნის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) ერთობლივ პროექტს. ცენტრმა მუშაობა 2021 წელს ალმათიში დაიწყო და ემსახურება რეგიონს, სადაც 100 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ცენტრის ძირითადი საქმიანობა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისკენაა მიმართული.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.