გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შექმნა. განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს.
თბილისის მერიის ცნობით, უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს.
როგორც თბილისი მერიაში აცხადებენ, მთელი ღამის განმავლობაში, ყველა პრობლემურ ადგილზე, იმყოფებოდნენ მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად.
გაწმენდილია წაქცეული ხეებით ჩახერგილი გზები, მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა.
საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 ან დაუკავშირდნენ შესაბამისი რაიონის გამგეობას.