Friday, November 22, 2024
14.8 C
Tbilisi

ჯოზეფ ბაიდენი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატობაზე უარს არ იტყვის და ბოლომდე იბრძოლებს

GUARDIANGE – აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი 3 ივლისს „დემოკრატების“ მაღალჩინოსნების და საარჩევნო კამპანიის თანამშრომლების დამშვიდებას შეეცადა, დონალდ ტრამპთან გასულ კვირას გამართული კატასტროფული დებატების შემდეგ.

BBC-ის ცნობით, ბაიდენმა თეთრ სახლში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად, დახურულ ვახშამზე, თავისი მომავალი განიხილა, რადგან იზრდება სპეკულაციები იმის შესახებ, შეცვლის თუ არა კამალა ჰარისი მას, როგორც „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს 2024 წლის ნოემბრის არჩევნებში.

ამის შემდეგ ბაიდენმა და ჰარისმა „დემოკრატების“ საარჩევნო კამპანიის უფრო ფართო აუდიტორიასთან გადაინაცვლეს, სადაც ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ დარჩება საარჩევნო რბოლაში, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კი, კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მხარდაჭერა ბაიდენის კანდიდატურისადმი. „მე ვარ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი. არავინ მიბიძგებს იმისკენ, რომ გამოვეთიშო პროცესს. მე არ მივდივარ“, – განუცხადა მან აუდიტორიას, როგორც ამას BBC იტყობინება.

რამდენიმე საათის შემდეგ იგივე ფრაზეოლოგიით გაიგზავნა ელექტრონული ფოსტით შეტყობინებები ბაიდენ-ჰარისის კამპანიის მიერ. „მოდით, რაც შეიძლება მარტივად და მკაფიოდ ვიტყვი: მე კენჭს ვიყრი“, – ამბობს ბაიდენი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში და დასძენს, რომ „ამ საარჩევნო მარათონში ბოლომდე“ იქნება.

ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“ კი, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენმა 3 ივლისს, დახურულ კარს მიღმა 20-ზე მეტ „დემოკრატ“ გუბერნატორთან გამართა შეხვედრა და მათ უთხრა, რომ გასულ კვირას ტრამპთან ტელედებატების შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა და თავს კარგად გრძნობს.

ბაიდენის ტრამპთან დებატების შემდეგ, რომელიც გამოირჩეოდა სიტყვიერი სიცარიელით, სუსტი ხმით და რამდენიმე ისეთი პასუხით, რომლის მიყოლაც რთული იყო, გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, გააგრძელებს თუ არა 81 წლის პრეზიდენტი კამპანიას. დებატებში ბაიდენის თვალშისაცემმა სისუსტემ შეშფოთება გამოიწვია „დემოკრატიული პარტიის“ წრეებში იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაფერისია ჯანმრთელობის მხრივ თანამდებობისთვის იგი და რამდენად აქვს შესაძლებლობა გაიმარჯვოს არჩევნებში.

წნეხი ბაიდენზე, რომ უნდა გამოეთიშოს საარჩევნო მარათონს მხოლოდ გაიზარდა ბოლო დღეების განმავლობაში, რადგან უფრო მეტი გამოკითხვა მიუთითებს, რომ მისი „რესპუბლიკელი“კონკურენტის უპირატესობა გაიზარდა. New York Times-ის გამოკითხვა, რომელიც დებატების შემდეგ ჩატარდა და 3 ივლისს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ტრამპს ამჟამად ყველაზე დიდი, 6-ქულიანი უპირატესობა გააჩნია.

და ცალკე გამოკითხვა, რომელიც გამოქვეყნდა BBC-ის ამერიკელი პარტნიორის, CBS News-ის მიერ, ირწმუნება, რომ ტრამპს სამი ქულით აქვს უპირატესობა ბაიდენზე იმ უმნიშვნელოვანეს შტატებში, სადაც გადამწყვეტი საარჩევნო ბრძოლა გაიმართება. ამ გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ეროვნულ დონეზეც ლიდერობს.

ბაიდენისთვის საზიანო გამოკითხვას დაემატა ზოგიერთი „დემოკრატი“ დონორი და კანონმდებლები, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებენ პრეზიდენტს განზე გადგომისკენ. ერთ-ერთი მათგანია რამეშ კაპური, ინდური წარმოშობის ამერიკელი მრეწველი, რომელიც მასაჩუსეტშია ბაზირებული და „დემოკრატებისთვის“ სახსრების შეგროვების ორგანიზებას 1988 წლიდან ეწევა. „ვფიქრობ, დროა, მან ჩირაღდანი გადასცეს,” – განუცხადა კაპურმა BBC-ის. „ვიცი, რომ მას აქვს სურვილი, მაგრამ არ შეიძლება შეებრძოლოთ დედა ბუნებას“.

და ორი „დემოკრატი“ კონგრესში ასევე მოითხოვს ცვლილებას პარტიის სათავეში. არიზონას წარმომადგენელმა რაულ გრიჯალვამ New York Times-ს უთხრა, რომ დროა დემოკრატებმა „სხვაგან გაიხედონ“.

ამის მიუხედავად, თეთრი სახლი და ბაიდენის კამპანია დაჟინებით ირწმუნება, რომ ჯოზეფ ბაიდენი ჯანმრთელია, დონალდ ტრამპთან ტლედებატებზე მსოფლიო ტურნეს გამო იყო გადაღლილი და უძილო და მზად არის მეორედაც დაამარცხოს ტრამპი 5 ნოემბრის არჩევნებზე.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები