ევროკომისიამ 2026 წლის შემოდგომის ეკონომიკური პროგნოზი (Autumn 2026 Economic Forecast) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინები გაუმჯობესდა.
განახლებული დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 7.3%-მდე გაიზარდა, რაც საგაზაფხულო მაჩვენებელთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით მეტია.
ევროკომისიის შეფასებით, 2026 წელს ზრდა 7%-ს გადააჭარბებს, ხოლო მომდევნო 2027-2028 წლებში ეკონომიკური ზრდა 5.5%-6%-ის ფარგლებში იქნება.
დოკუმენტის მიხედვით, რეგიონული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა პოზიტიურ დინამიკასა და მყარი ზრდის ტემპს ინარჩუნებს.
ევროკომისიის შეფასებით, 2026 წელს ზრდა 7%-ს გადააჭარბებს, ხოლო მომდევნო 2027-2028 წლებში ეკონომიკური ზრდა 5.5%-6%-ის ფარგლებში იქნება. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2026 და მომდევნო წლებშიც სტაბილური, ჯანსაღი ზრდის ტემპს აჩვენებს, რასაც შიდა მოთხოვნა და ინვესტიციები უმაგრებს ზურგს. ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება კერძო მოხმარება, სექტორულ ჭრილში კი მთავარი მამოძრავებლები იყვნენ: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ფინანსური მომსახურება და დამამუშავებელი მრეწველობა.
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკამ 7.8%-იანი ზრდა აჩვენა (2025 წლის 7.5%-იანი მაჩვენებლის ფონზე). ზრდას ხელი შეუწყო საცალო დაკრედიტების მაღალმა ტემპმა, ფულადი გზავნილების მატებამ, ხელფასების ზრდამ და კერძო ინვესტიციების გაფართოებამ. დასაქმების ბაზარზე ფიქსირდება პოზიტიური ძვრები, რაც ხელს უწყობს შინამეურნეობების შემოსავლების ზრდას.
ევროკომისიის შეფასებით, მომდევნო წლებში საინვესტიციო აქტივობის შენარჩუნებაა მოსალოდნელი, რასაც, კერძო სექტორის მდგრადობასთან ერთად, გადავადებული სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების განახლებაც შეუწყობს ხელს.
ამავე შეფასებით, 2026 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქონლის ექსპორტი (განსაკუთრებით ნავთობპროდუქტების ხარჯზე). იმპორტის შედარებით ნელი ზრდის ფონზე წმინდა ექსპორტმა ეკონომიკურ ზრდაში დადებითი წვლილი შეიტანა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საპროგნოზო პერიოდში მშპ-ის 3%-ზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება.
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, გლობალური ენერგორესურსებისა და მიწოდების ჯაჭვების ცვლილებების ფონზე ინფლაციური წნეხი შენარჩუნებულია: 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 5.4%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც ძირითადად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსებზე გლობალური ფასების მატებით აიხსნება, თუმცა, ევროკომისიის პროგნოზით, 2027 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება.
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ფისკალური დისციპლინა და საგარეო ვალდებულებების მართვა პოზიტიურად აისახება მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. საქართველოს სახელმწიფო ვალი 2026 წლის ბოლოს მშპ-ის დაახლოებით 33%-მდე შემცირდება. საბიუჯეტო დეფიციტი 2026 წელს მშპ-ის დაახლოებით 1.3%-ია, ხოლო 2027-2028 წლებში 2%-ზე დაბლა შენარჩუნდება.

