რომან გოცირიძე: რატომ არ გაფორმდა აზერბაიჯანთან დათქმულ ვადაში გაზის მიწოდების ახალი, 20-წლიანი ხელშეკრულება? აქვს თუ არა ამ ფაქტს კავშირი გაზის ტარიფის მოსალოდნელ ზრდასთან?

„მალე დეკემბერიც მოვა. სად არის გაზის ხელშეკრულება?

რატომ არ გაფორმდა აზერბაიჯანთან დათქმულ ვადაში გაზის მიწოდების ახალი, 20-წლიანი ხელშეკრულება, რომელიც 15 ოქტომბრამდე უნდა გაფორმებულიყო? ამის შესახებ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები მაისში შეთანხმდნენ. რატომ გადაიწია ამ ვადამ? აქვს თუ არა ამ ფაქტს კავშირი გაზის ტარიფის მოსალოდნელ ზრდასთან?

15 დეკემბერს ვადა გასდის „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმთან ე. წ. დამატებითი 500 მლნ მ³ გაზის მიწოდების ხელშეკრულებას. 16 დეკემბრიდან გაზის მიწოდება „სოკარმა“ უნდა გადაიბაროს.

პრობლემა ისიც არის, რომ საერთაშორისო კონსორციუმმა, რომლისგანაც ორი ათეული წლის განმავლობაში ვიღებდით გაზს, ზურგი გვაქცია და კონტრაქტი აღარ გაგვიგრძელა. უფრო მეტიც – „ბაქო-თბილისი-ერზერუმის” გაზსადენში ჩვენი კუთვნილი სივრცის (მოცულობის) დათმობაც მოგვიწია აზერბაიჯანისთვის. მომავალი თვიდან უკვე არა კონსორციუმის, არამედ აზერბაიჯანის სახელმწიფო გაზს მივიღებთ. ამაში ძალიან დიდი განსხვავებაა.

როგორც ჩანს, პრობლემა ფასშია, რადგან შეთანხმება დღემდე მიღწეული არ არის.

„ბაქო-თბილისი-ერზერუმის“ მილსადენით მოწოდებული ე. წ. დამატებითი გაზის ფასი თავდაპირველად საბაზრო ფასზე რამდენჯერმე დაბალი იყო – 1 000 მ³-ზე 55 დოლარს შეადგენდა. წლების განმავლობაში, განსაზღვრული კოეფიციენტის შესაბამისად, იგი უმნიშვნელოდ იზრდებოდა და დღეისათვის დაახლოებით 70-75 დოლარს შეადგენს. სწორედ ამ ფასის და მოცულობის მოქმედების ვადა იწურება.

რა ფასად მიიღებს საქართველო გაზს ახალი ხელშეკრულებით – ეს არის მთავარი კითხვა. ამაზეცაა დამოკიდებული, გაიზრდება თუ არა ტარიფი და თუ გაიზრდება, რამდენით.

თუმცა გაზის ტარიფის მატების არსებითი მიზეზი არა დამატებითი 500 მლნ მ³ გაზის გაძვირება, არამედ გაზის სექტორის ძარცვა იქნება „ოცნების“ რეჟიმის მიერ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქვეყანა, რომელიც გაზის მესამედს უფასოდ იღებს, ხოლო 15 პროცენტს საბაზრო ფასზე სამჯერ იაფად, იძულებულია, ნავთობისა და გაზის კორპორაცია ბიუჯეტიდან დააფინანსოს.

წარმოუდგენელი რამ ხდება – კომპანია, რომელსაც ბიუჯეტში ფული უნდა შეჰქონდეს, თავად ბიუჯეტს სწოვს სისხლს.

მხოლოდ მიმდინარე წელს ამ კომპანიას ბიუჯეტიდან 180 მილიონი ლარი გამოუყვეს, საიდანაც 100 მილიონი ლარი სესხია, ხოლო 80 მილიონი ლარი – საჩუქარი, სუბსიდია. ეს სესხიც თვალის ასახვევად არის ნახსენები. გაკოტრებული კომპანია ამის დამბრუნებელი არ არის.

მანამდე, 2022 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტმა კომპანიას ერთი წლის ვადით 230 მილიონი ლარი ასესხა, საიდანაც მან მხოლოდ 100 მილიონი ლარი დააბრუნა. აგერ, უკვე დამატებითი სესხის გარდა, სუბსიდიაც მიიღო.

გაზის სექტორში არსებული კატასტროფული ვითარება და ქვეყნის სიმდიდრის განიავების ფაქტები ტაბუდადებული თემა იყო და დღემდე ასე რჩება.

ბევრ ვინმეს შეიწირავს სამომავლოდ გაზის საკითხი“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები