შალვა პაპუაშვილი: ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, სააკაშვილს 11 წლის მოხდა მოუწევს

ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, ასე რომ, სააკაშვილს თავისი 11 წლის მოხდა მოუწევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავის დანაშაულებზე ბოლომდე თუ ილაპარაკებს, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი უნდა გახსნას.

„გადაწყვიტოს, თავისი 11-წლიანი სასჯელის რომელ მომენტში მოინანიებს თუ არა თავის დანაშაულებს. თუ რატომ არ ინანიებს, ამას თავისი ახსნას აქვს. ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის დანაშაულის მიმართ, ეს არის გარედან წაქეზებული შეგულიანება. როდესაც პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი სიკორსკი გამოდის და ამბობს, რომ სააკაშვილი მოდერნიზატორი იყო და მაგალითი იყო, როდესაც ევროკომისია გამოდის და ამბობს, რომ თვითნებურად დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს კითხვას, ამაში შედის თუ არა სააკაშვილი და ამით ტოვებს იმ მიზეზს, რომ ვიფიქროთ, ალბათ სააკაშვილსაც გულისხმობს ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირი; როდესაც ასე აგულიანებენ, იმიტომაც არ აღიარებს დანაშაულს, რადგან სხვა შემთხვევაში უნდა ილაპარაკოს იმაზე, საქართველოში შემოპარვა ვინ დაუორგანიზა. ვიცით, რომ, უკრაინის სპეცსამსახურების ორგანიზებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოაპარეს. მაშინ უნდა მოჰყვეს, საქართველოში 2021 წელს შემოპარვამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში რომ იყო და არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს ხვდებოდა, არამედ ევროკომისიაშიც ჰქონდა შეხვედრები; ასევე უნდა მოჰყვეს, რაზე ესაუბრებოდნენ და რა დავალებები მისცეს, თუ რა შეუთანხმა და არ შეუთანხმა.

ეს ყველაფერი მოსაყოლი ექნება თავის აღიარებასა და მონანიებასთან ერთად. რა თქმა უნდა, ვინ რას მოანანიებინებს? – თავის დანაშაულებზე ბოლომდე თუ ილაპარაკებს, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი უნდა გახსნას, სადაც ვნახავთ, რომ ჩართული არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, უცხო ქვეყნების ხელისუფლებები და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი. რაც შეეხება მისი მხრიდან ბელეტრისტიკას, რომ პირადი ცხოვრება დავუნგრიეთ, მგონი, პირიქით, ავუშენეთ. კაცი ციხეში იყო და შვილი შეეძინა. შეიძლება, ამისთვის პენიტენციურ სისტემას მადლობაც კი გადაუხადოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები