საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა.
„მას ბრალი წარდგენილი აქვს თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით, მათ შორის: კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა, ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება, მძიმე კატეგორიის ქურდობა და ნდობის ბოროტად გამოყენება.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

