რომან გოცირიძე: რუსთაველის პროსპექტის რეაბილიტაციაზე დიდი ფული რომ უნდა მოეტეხათ, ეს ყველასთვის ცნობილი იყო

„რუსთაველის პროსპექტის რეაბილიტაციაზე დიდი ფული რომ უნდა მოეტეხათ, ეს ყველასთვის ცნობილი იყო. ასე ხდებოდა ყველა მშენებლობის დროს, იქნებოდა ეს ქალაქის ქუჩების რეაბილიტაცია თუ სპორტული ობიექტების მშენებლობა.

მაგალითად, თბილისის კალათბურთის სასახლე 70 მილიონ ლარად უნდა აშენებულიყო, საბოლოოდ კი მერიამ 90 მილიონი ლარი გადაიხადა. ზედმეტად გადახდილი 20 მილიონი, რა თქმა უნდა, შესაბამისი წილებით განაწილდა. ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის თავდაპირველად 32 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, შარშან კი კიდევ ამდენივე დაამატეს. შედეგად, პროექტზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯება (გაიფლანგება).

რა ხდება რუსთაველის პროსპექტზე? მშენებლობა, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, გაიწელება, ხარჯები (ანუ მოსაპარი ფული) გაიზრდება. გზის საფარის მოწყობის თავდაპირველი ღირებულება 19,8 მილიონი ლარი იყო, ახლა კი მას კიდევ 2 მილიონი ლარი დაამატეს. მერიამ თვალის ასახვევად მშენებელი კომპანია 13-ჯერ დააჯარიმა, ჯამში მხოლოდ 27 ათასი ლარით, რაც, რბილად რომ ვთქვათ, კომიკურია.

ეს მხოლოდ გზის საფარს ეხება. ტროტუარებზე სხვა კომპანია მუშაობს, რომლის მომსახურებაც 12,5 მილიონი ლარი უნდა დაჯდეს. თანხას იქაც დაამატებენ, რა თქმა უნდა.

ასე იძარცვება მუნიციპალური თუ სახელმწიფო ბიუჯეტები. თბილისი ამ მხრივ გამორჩეულია. რა გასაკვირია, მშენებლობებში თუ იპარავენ, როცა საბავშვო ბაღებსაც კი საკვებს პარავდნენ.

საბოლოოდ, თუ საჩვენებლად ვინმეს დაიჭერენ, ერთი ქურდი მეორეს ადებს ხელს. ამას გმირობად უთვლიან და ციხიდან უშვებენ. ის კი, ვინც საპატიმროში დარჩება, საბოლოოდ მაინც ვადაზე ადრე გამოვა. გამოისყიდის თავს, მაგრამ ის, რომ გამოსასყიდი თანხა ბიუჯეტში არ მიდის, ყველასთვის ნათელია.

მცირედით მაინც ერთი რამით შეგვიძლია დავიმშვიდოთ თავი: დაუსჯელი არავინ დარჩება. ამის დროც მოვა. მოპარულის ნაწილის დაბრუნებაც მოუწევთ“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები