შალვა ნათელაშვილი აშშ-ის კონგრესს და სახელმწიფო მდივანს მიმართავს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ყველა წევრს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს

ამერიკის წამყვან მასმედიას და სტრატეგიულ ცენტრებს

მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ვ ა ნ ი ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

ა მ ე რ ი კ ი ს პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ მ ა დ ო ნ ა ლ დ ტ რ ა მ პ მ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო დ ი ქ ტ ა ტ ო რ პ უ ტ ი ნ ს მ ი ჰ ყ ი დ ა

ვადასტურებთ მოკავშირე ამერიკელი ხალხისა და პირადად ყველა თქვენგანისადმი უდიდეს პატივისცემას. სამწუხაროდ, იძულებულნი ვართ გაცნობოთ, რომ პრეზიდენტმა დ. ტრამპმა სრულად შეასრულა პრეზიდენტ პუტინის მოთხოვნა საქართველოს პრორუსი ოლიგარქ-დიქტატორისა და მისი ტირანული რეჟიმის გადასარჩენად. მისი ახალი ადმინისტრაციის მოსვლისთანავე, არა მხოლოდ დაუყოვნებლივ შეწყდა კრიმინალ —დიქტატორი ივანიშვილის, მისი ოჯახისა და რეჟიმის სხვა მაფიოზურ ლიდერთა მიმართ დაწყებული დასანქცირების პროცესი, არამედ კრიტიკაც კი. ასევე, სენატში გაიყინა ამ პრორუსული დიქტატურის წინააღმდეგ მიღებული მეგობარი აქტი.

რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბარიკადებზე მებრძოლი ქართველი ხალხისათვის უდიდესი შოკი იყო იმის გაგება, რომ პრეზიდენტ ტრამპის საოჯახო კომპანიამ “the trump organization”, ერიკ ტრამპის ხელმოწერით, 2026 წლის აპრილში მრავალმილიონიანი კონტრაქტი გააფორმა დიქტატორი ივანიშვილის მაფიოზური ჯგუფების სანქციებზე წარდგენილ კომპანიათა მფლობელებთან, ასევე ამერიკის მიერ 2024 წლის დეკემბერში, უკვე დასანქცირებული საქართველოს დიქტატორ-ივანიშვილის კუთვნილ საოჯახო ფონდის მიწაზე, ტრამპ თაუერის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით.

ასეთი დაუსჯელობით წახალისებულმა დიქტატორულმა რეჟიმმა, კრემლის დავალებით, გააუქმა თავისუფალი არჩევნები, მოახდინა სახელმწიფოს და მთელი ეროვნული სიმდიდრის მიტაცება, ძალადობასა და სისხლში ახშობს წინააღმდეგობის მოძრაობას; დააპატიმრა, ან ქვეყნიდან გააძევა ყველა ოპოზიციური ლიდერი, ხოლო ახლა უკვე ოფიციალურად კრძალავს ყველა არა-პრორუსულ, პროდასავლურ პარტიას.

აღსანიშნავია, რომ ასეთი რთული ვითარების მიუხედავად, წლებია საქართველოში ამერიკის ელჩიც კი არაა დანიშნული. ქართველ ხალხს მწარედ ახსოვს, ბატონი ტრამპის პირველ საპრეზიდენტო ვადაში, როგორ მფარველობდა მისი მაშინდელი ადმინისტრაცია რუს ოლიგარქ — დიქტატორს, პატიობდა მას ადამიანთა უფლებების მასობრივ ხელყოფასა და საერთაშორისო კრიმინალურ საქმიანობას, უკანონებდა და ლეგიტიმურად აცხადებდა ივანიშვილის მიერ მოსკოვის სქემით ჩატარებული ყველა გაყალბებული და ძალადობრივი არჩევნების შედეგებს.

მოგეხსენებათ, საქართველო არის ევრაზიის ცენტრში ოთხმხრივი გეოპოლიტიკური გასაღები. მისგან გვერდის ასაქცევი გზები კონტინენტზე, ჯერჯერობით, არ არსებობს და ამ მონაკვეთზე მოსკოვის კონტროლი არა მარტო ჩვენს ქვეყანას დააკარგინებს თავისუფლებას, არამედ უპირველესად ამერიკისა და ატლანტიკური ცივილიზაციისათვის ჩაკეტავს სტრატეგიული და ენერგეტიკული უსაფრთხოების მთავარ მაგისტრალს.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 2026 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ამერიკელი ხალხი გააკეთებს ბრძნულ არჩევანს, ხოლო ახალი კონგრესი გამოასწორებს დაშვებულ გეოპოლიტიკურ შეცდომებს – მათ შორის, საქართველოს მიმართ. ქართველი ხალხი დიდად მადლობელია ორივე-დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებისა, რომლებიც ჩვენ ბრძოლას რუსული ტირანიის წინააღმდეგ კონგრესში ყოველთვის უჭერდნენ მხარს.

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას,

საქართველის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი

შალვა ნათელაშვილი

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები