ლაშა ფარულავა: ილია II-ის დაკრძალვის ხარჯების შესაძლო მითვისებაზე ახლა უკვე დავით ოქიტაშვილიც საუბრობს… საინტერესოა, რა ბედი ეწევათ მამუკა მდინარაძესა და მის მეგობარ თიკა რუხაძეს

„ჩვენი ეპოქალური კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ხარჯების შესაძლო მითვისებაზე ახლა უკვე დავით ოქიტაშვილიც საუბრობს, მის განცხადებას კი ოცნების რეგიონების ხელმძღვანელი დიმიტრი სამხარაძე იწონებს.

არადა, როცა ეს ინფორმაცია პირველად გავავრცელე, მეუბნებოდნენ, რა სისულელეა, ასეთი რამ არ არსებობსო. იმასაც ამბობდნენ, თიკა რუხაძე თავად გვეხმარებოდა სიონის ტაძრის დალაგებაშიო.

ახლა კი ირკვევა, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაკრძალვის ხარჯებისთვის 3 მილიონი ლარი გამოიყო, რეალურად კი მხოლოდ 722 ათასი ლარი დაიხარჯა.

რა მოხდა სინამდვილეში?

თიკა რუხაძემ ირაკლი კობახიძეს დაკრძალვის ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა, რომლის საფუძველზეც თანხა გამოიყო. ჩნდება ეჭვი, რომ საქმე გვქონდა წინასწარ განსაზღვრულ სქემასთან.

კითხვები ჩნდება იმ კომპანიასთან დაკავშირებით, რომელთანაც გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა.

რატომ არ ასახელებენ ამ კომპანიას?

ხომ არ უკავშირდება ის თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებულ პირებს?

ეს კითხვები პასუხგაუცემელია.

არსებული გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ შუამავლის როლი შეასრულა: მომსახურების ნაწილი სხვა პირებს დაუკვეთა, რომლებმაც რეალურად შეასრულეს სამუშაო. თუმცა, როგორც ირკვევა, მათ პატრიარქის დაკრძალვას უსასყიდლოდ მოემსახურნენ.

სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: თუ სამუშაო უფასოდ შესრულდა, მაშინ რაში დაიხარჯა გამოყოფილი ფული?

ხომ არ მიიღო შუამავალმა კომპანიამ არა მხოლოდ საკუთარი ფასნამატი, არამედ გაუმართლებლად გაზრდილი ხარჯების საფარქვეშ დამატებითი თანხაც?

ეს უკვე გამოძიების საქმეა.

ამ ამბავს თიკა რუხაძის თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა, გაჩნდა კითხვებიც მამუკა მდინარაძის პასუხისმგებლობის შესახებ.

ბიძინა ივანიშვილის ეჭვიანობისა და მის გარემოცვაში ურთიერთობების გართულების შედეგები ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითზეც ვნახეთ. ახლა საინტერესოა, რა ბედი ეწევათ მამუკა მდინარაძესა და მის მეგობარ თიკა რუხაძეს. ამ ისტორიამ შესაძლოა სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც წამოჭრას, მათ შორის ბაკურ ბაკურაძის.

ასე იხლართება ყველაფერი ქოცების შიგნით, როცა ფული, გავლენები და პირადი ინტერესები ერთმანეთს ეჯახება.

ეს ხალხი გვესაუბრება მართლმადიდებლობის დაცვასა და პატრიარქის სიყვარულზე, მაგრამ მათი ფარისევლობა სწორედ მაშინ ჩანს, როცა წმინდა საქმესაც პირადი გამორჩენისთვის იყენებენ“, – წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები