Intelligence Online: ანზორ ჩუბინიძე არის ივანიშვილის მთავარი არხი როგორც ძალოვან სტრუქტურებთან, ისე მთელ ხელისუფლებასთან

„ანზორ ჩუბინიძე, ივანიშვილის სანდო კარიბჭის მცველი ქართული დაზვერვის არეულობის ფონზე“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Intelligence Online და აღნიშნავს, რომ საქართველოს დაზვერვაში არსებული ტურბულენტობის მიუხედავად, რაც „დროულ ანტიკორუფციულ გამოძიებებსა და კონტრდაზვერვით ღონისძიებებს უკავშირდება“, ანზორ ჩუბინიძე ივანიშვილის მმართველობის დასაწყისიდანვე რჩება თავის პოსტზე და არის მთავარი დასაყრდენი, რომლის მეშვეობითაც ივანიშვილი უსაფრთხოების მთელ სისტემას აკონტროლებს.

„ანზორ ჩუბინიძე (დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი) არის ივანიშვილის მთავარი არხი როგორც ძალოვან სტრუქტურებთან, ისე მთელ ხელისუფლებასთან. მინისტრებსა და ძალოვნებს დანიშვნასა და „იძულებით გადადგომას“ ივანიშვილის სახელით ჩუბინიძე ატყობინებს, დაფარული ნომრიდან. ივანიშვილთან მესიჯის მიტანაც მხოლოდ მისი გავლით ხდება. ივანიშვილი ციფრულ კვალს არ ტოვებს, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ.

გაზაფხულიდან სუს-ის მაღალჩინოსნებს ანტიკორუფციული და ჯაშუშობის საქმეებით იშორებენ. კონტრდაზვერვის უფროსი გელა გელაძე ხუთ თვეში შეცვალა თამაზ ბორაშვილმა. სუს-ის უფროსის პირველი მოადგილეა გიორგი ბახუაშვილი, ივანიშვილის ყოფილი მცველი ჩუბინიძის გუნდიდან, რასაც ავტორი სუს-ზე „მეთვალყურის“ მიჩენად მიიჩნევს.

ჩუბინიძე ივანიშვილთან 2010 წლიდანაა (მცველად), თანამდებობაზე 2013-დან, და ერთადერთი ძალოვანი ხელმძღვანელია, რომელიც მას შემდეგ არ შეცვლილა. ოჯახსაც ის უვლის (2021 წლის ჩანაწერები ბერას თემაზე). მის სამსახურს საკუთარი მოსმენების შესაძლებლობა აქვს. 12 თებერვალს ესწრებოდა ირანის ღონისძიებას ივანიშვილების სასტუმრო „პარაგრაფში“, იმ ფონზე, რომ აშშ საქართველოს ირანული აქტივების გატანის არხად ასახელებს. ვაშინგტონმა მისი წონა იცის: 2023-ში ელჩ დანიგანს ერთ-ერთი პირველი შეხვდა. სტატია ძირითადად ანონიმურ ყოფილ მინისტრებსა და უსაფრთხოების წყაროებს ეყრდნობა“, – ნათქვამია სტატიაში, რომლის ქართულ თარგმანს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აქვეყნებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები