ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი მასწავლებლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ივანე კორძაძემ ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი მასწავლებლები, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალაგაზრდობის სამინისტროს სახელით მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

შეკრებილ საზოგადოებას ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ მიმართა. მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს და სასკოლო საზოგადოებას გაწეული საქმიანობისათვის და წარმატებები უსურვა მათ.

ეკატერინე ხუციშვილმა პედაგოგებს მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის საქმიანობის მნიშვნელობაზე, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ მხარდამჭერ აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, სასკოლო საზოგადოების წევრები — დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაფასებისა და მათი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობის წარმოჩენის მიზნით, ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით იმართება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივა მასწავლებელთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება.

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები