საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშსშეხვდა.
საქართველოს მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
საუბარი შეეხო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხანგრძლივი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ის ფაქტი, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების მთავარი თემა სწორედ მშვიდობა, უსაფრთხოება და მდგრადი განვითარებაა, ამ საკითხის განსაკუთრებულ აქტუალობაზე მიუთითებს.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და უსაფრთხოების გამოწვევებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის – „აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მნიშვნელობას.
ირაკლი კობახიძემ გაერო-ს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.
მოგვიანებით, კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განიხილეს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები.
„მოხარული ვარ გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრით. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

