ნიკა გვარამია: ევროპის პროფესიონალური საზოგადოება საქართველოს მთავრობას აღარ აღწერს, როგორც სახელმწიფოს, არამედ, როგორც ერთი კაცის პარანოიით მართულ კრიმინალურ სინდიკატს

„ფრანგულ-ინგლისური გამოცემა Intelligence Online-ის დღევანდელი სტატია: „მთავარი უსაფრთხოებრივი ძვრები თბილისში” (წყაროზე ქვემოთ)

მთავარი პუნქტები:

გელა გელაძე სუს-ის უფროსის პოსტიდან 5 თვეში წავიდა და მინისტრის მოადგილედ „დაქვეითდა”. ეს მეოთხე უფროსია 18 თვეში.

ეს მდინარაძის მთელი წრის წმენდის ნაწილია: სექტემბერში მიდიან მისი კადრები ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურიდან. ინტენსიურია მდინარაძის შინაპატიმრობის ჭორები, თუმცა ჯერ დაუდასტურებელი.

ივანიშვილმა სუს-ში ხელმძღვანელის მოადგილედ თავისი ყოფილი დაცვის უფროსი დანიშნა. ის რეალური ხელმძღვანელია, ფორმალური უფროსი კი ფასადია.

პარტიის „შავი სალარო” ივსება ქოლ-ცენტრებით, რომლებიც ევროპელი მოქალაქეების მოტყუებით მდიდრდება. ლილუაშვილი (13 წელი) და ღარიბაშვილი (5 წელი) სწორედ ამ ფულის მითვისებისთვის დაისაჯნენ (წყაროს მტკიცებით).

სალაროს მმართველი ძმები მიქაძეები ჯანგველაძის მკვლელობის დაკვეთისთვის გაასამართლეს. დავით მიქაძე ორი დღის წინ პარიზში დააკავეს.

კობახიძე სუსტდება: მდინარაძის მოშორება მისი გავლენის დაკარგვის სიგნალია, შეცვლის ჭორები მუდმივია.

ასეთია ევროპის უმნიშვნელოვანესი გამოცემის დღევანდელი ინფორმაცია. Intelligence Online პარიზული სააბონენტო გამოცემაა, რომელსაც ფართო საზოგადოება ვერ კითხულობს. მას კითხულობენ სპეცსამსახურები, დიპლომატები და თავდაცვის ინდუსტრია. გამოცემა 40 წელია სადაზვერვო სამსახურების შიდა სამზარეულოზე წერს.

დასკვნა მარტივია: ევროპის პროფესიონალური საზოგადოება საქართველოს მთავრობას აღარ აღწერს, როგორც სახელმწიფოს, არამედ, როგორც ერთი კაცის პარანოიით მართულ კრიმინალურ სინდიკატს, რომელის ბოსები ევროპელების ძარცვით მოპარული ფულის გამო ერთმანეთს აპატიმრებენ. ეს არის ის სურათი, რომლითაც ოქტომბრის შუა რიცხვებში ევროკავშირის საბჭო აუცილებლად იხელმძღვანელებს საქართველოზე და ივანიშვილის რეჟიმზე გადაწყვეტილების მიღებისას.

სტატია, როგორც გითხარით ხელმისაწვდომი მხოლოდ აბონენტებისთვისაა, ამიტომ მისით დაინტერესებულებს პირველ კომენტარში ჩაგიგდებთ.

ps რეალურად, სტატიის ამძრავი, როგორც იკვეთება, მიქაძის დაჭერაა. არ გამიკვირდება, თუ მისი ჩვენებები უდევს საფუძვლად. ეს გარემოება ნამდვილად საინტერესოა და მისი გამოკვლევით ღირს რომ დავკავდეთ“, – წერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები