რომან გოცირიძე: სოფლის მეურნეობა რეალურად მცირედით იზრდება, საქსტატ-კობახიძის მიხედვით კი საოცარი მატება გვქონია, მორიგი ბლეფი

„„ოცნების“ ცრუ მთავრობის მორიგი სიცრუე: „ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით-გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია“,-განაცხადა კობახიძემ.

სინამდვილეში, სოფლის მეურნეობა რეალურად მცირედითაა გაზრდილი „ოცნების“ პირობებში. 2012 წელთან შედარებით, ოფიციალური სტატისტიკით, მთლიანი ფასები (ანუ არა მხოლოდ სამომხმარებლო საქონლის ფასები) გაიზარდა ორჯერ. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის ე.წ. ნომინალური ზრდა გამოწვეულია ფასების ზრდით, ხოლო საქონლის ფიზიკური მოცულობა ბევრი მიმართულებით მცირდება კიდევაც.

სოფლის მეურნეობის გამოშვების რეალური დონე რომ გავიგოთ, იგი უნდა „გავასუფთავოთ“ ინფლაციისგან, ანუ უნდა შევამციროთ. ეს შემცირება ხდება ე.წ. დეფლატორის მეშვეობით. რაც უფრო დიდია ფასების საერთო ზრდის ინდექსი (ანუ დეფლატორი), მით უფრო მეტად მცირდება ნომინალური მშპ და მით უფრო ნაკლები გამოდის რეალური მშპ. საქსტატი წლების განმავლობაში ეწევა მანიპულაციებს, ხელოვნურად ამცირებს ამ დეფლატორის ოდენობას, რომ რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უფრო მაღალი გამოვიდეს.

საქართველოს ნომინალური მშპ 2025 წელს იყო 104 მილიარდი ლარი. 2012 წლიდან დღემდე ფასების საერთო დონე, საქსტატის მიხედვით, 95 პროცენტით გაიზარდა, ანუ ჯამური დეფლატორი უდრის 1,95-ს. ამაზე უნდა გავყოთ ნომინალური მშპ, რომ გავიგოთ, რამდენია რეალური ზრდა.

საქსტატის მიხედვით, 2012-2025 წლებში ფასების საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 5 პროცენტია. ეს მაჩვენებელი 6 პროცენტის ოდენობით რომ დაეფიქსირებინა, ქვეყნის რეალური მშპ 2025 წლის მდგომარეობით დაახლოებით 7 მილიარდი ლარით ნაკლები იქნებოდა. ანუ ქაღალდზე საერთო ინფლაციის მაჩვენებლის ერთი ან ორი პროცენტით გაყალბება მნიშვნელოვნად ზრდის რეალურ მშპ-ს. თანაც ამ სიყალბეს ვერასდროს ვერავინ გადაამოწმებს. მიდი და არკვიე 5 პროცენტი იყო დეფლატორი თუ 7.

სტატისტიკის გაყალბება დანაშაულია და მოვა დრო, როდესაც პარლამენტის საგამოძიებო კომისია ამ თაღლითობის მასშტაბებს დაადგენს.

სწორედ ასეთი სტატისტიკური თაღლითობაც განაპირობებს მშპ-ის ხელოვნურად მაღალ მაჩვენებელს.

რომ დავუბრუნდეთ სოფლის მეურნეობას: რეალურად იგი მცირედით იზრდება, საქსტატ-კობახიძის მიხედვით კი საოცარი მატება გვქონია.

მორიგი ბლეფი!“ –  წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები