საგამოძიებო სამსახურმა თბილისის ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე 6 სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

საქმის გარემოებების დროულად დადგენის მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში.

საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩხრეკის ღონისძიებებში მონაწილეობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.

გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები.

გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები