სასამართლომ სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა შემდეგი: ბრალდების პირველი ეპიზოდი – ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თბილისში მოწყობილი თაღლითური ქოლ-ცენტრის, თანამდებობრივი ავტორიტეტის და ძალაუფლების გამოყენებით მფარველობისათვის, 2021-2022 წლებში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით აიღო 1 365 000 აშშ დოლარი.

ბრალდების მეორე ეპიზოდი – 2022 წელს გრიგოლ ლილუაშვილმა, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასა და განვითარების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმების მსურველ ინვესტორს, საკითხის ლობირებისა და სასურველი შედეგის მისაღწევად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით გამოართვა 1 000 000 აშშ დოლარი.

ბრალდების მესამე ეპიზოდი – 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დირექტორს და დამფუძნებელს გაზიფიკაციის ტენდერებში ლობირების და გამარჯვების სანაცვლოდ, გრიგოლ ლილუაშვილმა მოსთხოვა და გამოართვა 1 500 000 ლარი.

ბრალდების მეოთხე ეპიზოდი – გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებისათვის მეწარმე სუბიექტებისგან, სააგენტოს თანამშრომლების მეშვეობით, ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ატკატებს იღებდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, 2018 -2023 წლებში ქრთამის სახით აღებულმა თანხამ 5 325 943 ლარი შეადგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გრიგოლ ლილუაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები