„არაფერი აჩვენებს ჩვენი საზოგადოების ძირეულ პრობლემას ისე, როგორც ტრამპ ტაუერის ირგვლივ მოწყობილი ეს უგემოვნო და კიჩურად პომპეზური ფსევდო-წვეულება.
ქალაქის წინაშე ჩადენილ ამ დანაშაულს მიაწეპეს ტრამპის სახელი, რაშიც 20 მილიონი დოლარი გადაიხადეს და ჰგონიათ ამით გააკეთილშობილებენ ქალაქის ცენტრის ერთ-ერთი უკანასკნელი მწვანე სივრცის განადგურებას.
დღეს არქის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მენი ბენიშმა სიამაყით თქვა, რომ „ამ პროექტში 7000 დოლარიდან დაიწყება ერთი კვადრატული მეტრის ფასი და ძალიან ცოტა ქართველი შეიძენს ბინას თაუერში“. მხოლოდ აღზევებული ბრიყვი იტყვის ამას ასეთი სიამაყით და დაადასტურებს, რომ ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის.
ამაზრზენი სანახავი იყო წინა რიგებში კმაყოფილი სახით მსხდომი „თანამედროვე ქართული ცეხავიკობა“, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრობლემების ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა. ეს ის ხალხია, რომელიც ამ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური განვითარებით სარგებლობს მაშინ, როცა მათ მიერ გამოწვეული სტრუქტურული პრობლემები ამ ქვეყნის მოსახლეობას ახრჩობს.
მათი ბიზნეს მოდელი მარტივია – იაფად დაითრიე ქონება, მთავრობასთან ლაქუცით მიიღე წარმოუდგენელი და ქალაქისთვის შეუსაბამო მშენებლობის ნებართვა, გაჩეხე ტყე, ჩახერგე სატრანსპორტო მოძრაობა და რაღაც დასავლურ სახელში/ლიცენზიაში ფულის გადახდით ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას პროექტი შეასაღე რეგიონული მნიშვნელობის მარგალიტად.
რაც შეეხება ტრამპის ოპგანიზაციას და მასთან დაკავშირებულ პროექტებს – სამწუხაროდ, ტრამპის სახელი როგორც პოლიტიკაში, ისე სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში, მხოლოდ წარმატებასთან არ არის დაკავშირებული:
1.Trump International Hotel & Tower Baku – მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო, ტრამპის ორგანიზაცია გამოვიდა ამ პროექტიდან 2016 წელს;
2.თავად ტრამპის მიერ ბათუმში 2012 წელს დაანონსებული ტრამპ ტაუერი არ აშენდა;
3.Trump Tower Rio – 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი 2017 წელს ისე დასრულდა რომ არც ერთი შენობა არ აშენებულა;
4.Trump International Hotel & Tower Toronto – პროექტი დასრულდა და გაიხსნა, მაგრამ ფინანსური წარუმატებლობის გამო პროექტიდან ტრამპის სახელი გაქრა;
5.Trump Tower Moscow – არ აშენდა.
ამ პოსტ-კოლონიალისტური მენტალობის და არასრულფასოვნების განცდის თავმოყრა ძალიან კარგად ჩანს სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში, რომელიც დღეს ჩვენი ქალაქის და ქვეყნის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად გადაიქცა.
იპოდრომის ეს ტერიტორია უნდა დაუბრუნდეს ქალაქს, შეუერთდეს იქ არსებულ სარეკრეაციო სივრცეს და გაერთიანდეს მზიურთან და მის მიმდებარე ტერიტორიასთან, რაც ერთიანად შექმნის ქალაქის ცენტრში დიდ მწვანე კუნძულს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თბილისს“, – წერს პოლიტიკოსი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში.

