ექიმი მაია ბუწაშვილი: გამოდის, რომ ახლა იმის მოლოდინში უნდა ვიყო, ვინმე შსს-ს ან სუსის მიერ პაციენტის როლში მოვლენილი აგენტი არ აღმოჩნდეს და შარი არ მომდონ, პაციენტი რომ არ გინახავს, რჩევას როგორ აძლევო?

„ჩემი საკმაოდ დიდი დრო იხარჯება სხვადასხვა პლატფორმაზე (მესენჯერი, მეილი და სხვ.) ნაცნობი თუ სრულიად უცნობი ადამიანების სამედიცინო შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე. სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილს ვახერხებ და ყველას ვერ ვპასუხობ.

ზოგჯერ მათ მიერ გამოგზავნილი გამოკვლევების შედეგების კითხვაზეც ვიღლი თვალებს და ვუკომენტარებ.

ანუ გამოდის, რომ ახლა იმის მოლოდინში უნდა ვიყო, ვინმე შსს ან სუსის მიერ პაციენტის როლში მოვლენილი აგენტი არ აღმოჩნდეს და შარი არ მომდონ, პაციენტი რომ არ გინახავს, რჩევას როგორ აძლევო?

ამ ქვეყანაში ბევრი ეხმარება ერთმანეთს, ვისაც როგორ შეუძლია, და ასე გააქვთ ადამიანებს თავი, თორემ ყველაფერს ზედმიწევნით წესების დაცვით თუ შევასრულებთ ექიმები თუ ექთნები, ბევრ ადამიანს გაუჭირდება.

ექთანი რომ მეზობელს ინექციას ან ინტრავენურ გადასხმას გაუკეთებს, უკანონო ქმედებაა და დაიჭირეთ; ექიმი რომ დაურეგისტრირებელ პაციენტს ტელეფონით ან სოციალური ქსელით დანიშნულებას ურჩევს, ისიც დაიჭირეთ.

მერე (მრეცხავი ვარდო რომ დაიჭირეს და აქოთდა ქალაქი) ვინ მოგხედავთ, ავად რომ გახდებით, მაგასაც ვნახავ.

ისე, შეგახსენებთ, მაგ უწყებების თანამშრომლებიც ხშირად სარგებლობენ ნაცნობი ექიმების არაოფიციალური სერვისებით“, –  წერს ექიმი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები