„ბოლო თვის განმავლობაში ორჯერ მოხდა, რომ ქოცებმა ისეთი ჩაიდინეს, რაზეც პასუხი ვერანაირ პროპაგანდას ვერ ექნებოდა. მთელს ქვეყანაში ელექტროენერგია რომ გაითიშა, გაჩნდა უამრავი ეჭვი, დაისვა კითხვები, მათ შორის მათ მომხრეთა შორისაც. იმ ღამესვე, ამას არასრულწლოვანი გოგოს ხმაურიანი დაკავება მოყვა. მე აქ იმას არ განვიხილავ დასაკავებელი იყო თუ არა. მე განვიხილავ დაკავების შედეგად გამოწვეულ ხმაურს.
ახლა თორნიკე რაზმაძეს რუსი პროპაგანდისტის გამო საქმე აღუძრეს. რუსებთან ანგარიშზე ჩასაწერი ჩაიწერეს, მაგრამ მათ მომხრეებსაც ვერაფერი უთხრეს თუ რატომ ჩაიდინეს ეს. ამაზე აიწია ამბავი და უცებ გია ბარამიძე დააკავეს.
ორივე შემთხვევაში დისკუსია გადამისამართდა – ის გოგო დასაჭერი იყო თუ არა და რა თქვა თუ არ თქვა გია ბარამიძემ.
ესენი კიდევ არაერთხელ ასრიალდებიან და, რადგან ასეთი იოლი გზა აქვთ ნაპოვნი, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ შემდეგ ჯერზე ვის დაიჭერენ.
მაგარი ამბავია, ხვალ შალვა პაპუაშვილმა რუსებთან ნარდი რომ ითამაშოს, ზეგ ამის გადასაფარად პოლიტიკურ ოპონენტს დაიჭერენ.
ღარიბაშვილის საფრანგეთის აგენტობასაც ნუ დავივიწყებთ. ლავრენტი ბერიაც საფრანგეთის აგენტობის ბრალდებით დახვრიტეს 1953 წელს.
ისტორიკოსისთვის ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო დასაკვირვებელია, ამ ამბების შიგნით რომ არ ვცხოვრობდეთ“, – წერს პროფესორი, ისტორიკოსი, ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში.

