GUARDIANGE – იემენის „ჰუსიტებმა“ წითელი ზღვის სტრატეგიული საპორტო ქალაქი მოხა დაიკავეს, – იუწყება BBC სამხედრო წყაროებსა და თვითმხილველებზე დაყრდნობით. წითელი ზღვის გასწვრივ სტრატეგიული ადგილების დაკავებამ, შესაძლოა თეირანის გავლენა ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სანაოსნო გზაზე გააფართოოს. როგორც CNN წერს, ამ ამბავმა გლობალურ გადაზიდვებზე პოტენციური ზემოქმედების გამო მთელ მსოფლიოში შოკი გამოიწვია.
ამ დრომდე მოხაზე კონტროლს საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი პროსამთავრობო ძალები ახორციელებდნენ.
ეს მოვლენა ემთხვევა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ომის უფრო ფართო რეგიონულ ესკალაციას, მას შემდეგ, რაც თეირანმა ამ კვირაში გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ გააძლიერებდა საომარ მოქმედებებს აშშ-ის წინააღმდეგ, რომელიც ინარჩუნებს ირანის მიმართ მკაცრ საზღვაო ბლოკადას და განაგრძობს ქვეყანაზე სამხედრო დარტყმების განხორციელებას.
წითელი ზღვა ცენტრალურ წერტილად იქცა, რადგან ირანი ეძებდა გზებს გლობალურ ეკონომიკაზე ზეწოლის მოსაპოვებლად და ვაშინგტონისგან მეტი დათმობის მისაღებად.
მოხას დაკავების შემდეგ ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ დაჯგუფება ბაბ ალ-მანდაბის სრუტიდან – აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის სამხრეთ კარიბჭიდან – მხოლოდ 75 კილომეტრში (46 მილი) იმყოფება.
„ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ ისინი საერთაშორისო გადაზიდვებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, თუმცა კიდევ ერთხელ დაიმუქრნენ, რომ დაესხმებიან საუდის არაბეთიდან წამოსულ გემებს, რომელიც ნავთობის ექსპორტისთვის წითელ ზღვაზე არიან დამოკიდებული მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ისრაელის ერთობლივმა ომმა ირანში, ფაქტობრივად, დახურა ჰორმუზის სრუტე ყურეში.
„ჰუსიტებს“, იემენის მთავრობასა და საუდის არაბეთს შორის კონფლიქტის ესკალაციამ ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულად იქცა მას შემდეგ, რაც „ჰუსიტებმა“ ერთი კვირის წინ სამხრეთ-დასავლეთში შეტევა დაიწყეს.
საუდის არაბეთის მეთაურობით კოალიციამ, პროსამთავრობო ძალების მხარდასაჭერად, ასევე განახორციელა საჰაერო დარტყმები დასავლეთ იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ხოლო „ჰუსიტებმა“ რაკეტები და დრონები გაუშვეს საუდის არაბეთის სამხრეთით მდებარე ქალაქებსა და ნავთობის ობიექტებზე.
მოხას მცხოვრებლების თქმით, „ჰუსიტი“ მებრძოლები ქალაქში 9 სექტემბერს, ღამით პროსამთავრობო ძალებთან სასტიკი შეტაკებების შემდეგ შევიდნენ, რის გამოც ბევრი ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა.
„კონტროლის აღება გაფრთხილების გარეშე მოხდა. მთელ ტერიტორიაზე პანიკა გავრცელდა, რის გამოც ხალხი იძულებული გახდა გაქცეულიყო, რადგან ქუჩაში დაშავებული ადამიანები იწვნენ და იქ არავინ იყო, ვინც მათ დახმარებას შეძლებდა“, – განუცხადა ერთ-ერთმა მამაკაცმა BBC Arabic-ის Middle East Lifeline პროგრამას.
კიდევ ერთმა მამაკაცმა განაცხადა, რომ „ჰუსიტი“ მებრძოლები 10 სექტემბერს მოხას ქუჩებში პატრულირებდნენ, მაშინ როცა სამთავრობო უწყებები და მაღაზიები დაკეტილი იყო.
ბევრი იძულებით გადაადგილებული ოჯახი აღმოსავლეთისკენ, ქალაქ ადენისკენ მიემართება, სადაც იემენის საერთაშორისოდ აღიარებული საპრეზიდენტო ლიდერობის საბჭო და მთავრობაა განთავსებული.
„ჩვენ ბავშვებთან ერთად გავიქეცით. არც საწოლები, არც სახლი, არაფერი გვაქვს თან. ყველაფერი ერთ საათში განადგურდა. არც შანსი მოგვცეს და არც წინასწარ გაგვაფრთხილეს“, – განუცხადა ერთ-ერთმა ქალმა BBC Arabic-ს.
„ჩვენ ვართ ქალები, რომლებსაც არ თავის დაცვა არ შეგვიძლია და თან უდანაშაულო შვილები გვყავს.“
„ჰუსიტების“ მიერ მოხას აღების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ არ დადასტურებულა.
თუმცა, „ჰუსიტების“ მიერ მართული ტელეარხის, „ალ მასირას“ ცნობით, დაჯგუფების უმაღლესმა პოლიტიკურმა საბჭომ 10 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შეტაკებები „დასავლეთ სანაპიროს რაიონებში საუდის არაბეთის მიერ მობილიზებული მტრის განდევნის შემდეგ შეწყდა“.
მთავრობის მომხრე ეროვნული წინააღმდეგობის ძალების ლიდერმა, ტარეკ სალაჰმა, განაცხადა, რომ მან დასავლეთ სანაპიროზე მდებარე თავისი სამეთაურო ცენტრი „უსაფრთხო ადგილას“ გადაიტანა.
მან დასძინა, რომ მისმა ძალებმა ბოლო დღეებში „დიდი ფასი გადაიხადეს „ჰუსიტების“ შეტევის მოგერიებისას, რომელიც ირანის მიერ იყო დაგეგმილი და მხარდაჭერილი“.
იემენის სამხედრო წყარომ საინფორმაციო სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ „ჰუსიტმა“ მებრძოლებმა, რაკეტების დარტყმისა და ნავების გამოყენებით სახმელეთო შეტევის შემდეგ, ასევე დაიკავეს ზუკარის კუნძული წითელ ზღვაში, მოხადან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრში.
ამასობაში, საპრეზიდენტო ლიდერობის საბჭოს ხელმძღვანელმა, რაშად ალ-ალიმიმ, არაბულ სახელმწიფოებსა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, დაეხმარონ იემენის სანაპიროების დაცვასა და სახელმწიფო კონტროლის აღდგენაში.
„ჰუსიტების“ უმაღლესმა პოლიტიკურმა საბჭომ განაცხადა, რომ „მისი უფლებაა დაიცვას [იემენის] სუვერენიტეტი და ტერიტორიული წყლები და ამავდროულად დაარწმუნა საერთაშორისო საზოგადოება, რომ წითელ ზღვაში ნაოსნობა უსაფრთხო რჩება“.
თუმცა, „ჰუსიტების“ მიერ მართული ჰუმანიტარული ოპერაციების კოორდინაციის ცენტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის გემებზე ემბარგო ძალაში დარჩა.
„ჰუსიტების“ სამხედრო წარმომადგენლის, იაჰია სარეას თქმით, საუდის არაბეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 64 იერიში მიიტანეს დასავლეთ პროვინციებში: ტაიზში, ჰუდაიდაში, მარიბსა და ჯაფში.
საუდის არაბეთის სამხედრო ძალებისგან კომენტარი არ გაკეთებულა.
თუმცა, იემენში მებრძოლი საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი არაბული სახელმწიფოების კოალიციის წარმომადგენელმა 9 სექტემბერს საღამოს განაცხადა, რომ ისინი უპასუხებენ „ჰუსიტების“ მიერ სარაკეტო და დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს საუდის არაბეთის სამხრეთ-დასავლეთ ქალაქებზე – ხამის მუშაიტზე, აბჰასა და ჯაზანზე.
8 სექტემბერს, „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის სამხრეთით ათობით დრონი და რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც 73 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა და რამდენიმე ნავთობობიექტში ხანძარი გამოიწვია, რამაც, საუდის არაბეთის ხელისუფლების ცნობით, ოპერაციების დროებით შეჩერება გამოიწვია.
„ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ ისინი პასუხობენ ბოლო დღეებში საუდის არაბეთის მიერ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განხორციელებულ ათობით საჰაერო დარტყმას, მათ შორის 7 სექტემბერს ჯაფფის პროვინციაში, ქალაქ ჰაზმის ციხეზე განხორციელებულ დარტყმას, რომლის დროსაც, მათი თქმით, სულ მცირე 23 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიცია იემენის მთავრობას „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ქვეყანაში ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე დამანგრეველ სამოქალაქო ომში უჭერს მხარს.
ოთხწლიანი არაფორმალური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ივლისში დაირღვა, როდესაც „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ „საზღვაო ემბარგო“ გამოაცხადეს და წითელ ზღვაში საუდის არაბეთის აეროპორტებზე, ნავთობობიექტებსა და ტანკერებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმები დაიწყეს.
„ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ ისინი პასუხობდნენ საუდის არაბეთის მიერ მათ ტერიტორიაზე არსებული პორტებისა და აეროპორტების ბლოკადას, ასევე სანას აეროპორტზე საჰაერო დარტყმას, რაშიც ისინი საუდის არაბეთის სამეფოს ადანაშაულებდნენ.


