„საოცარი ამბავი ხდება: გამოქვეყნდა მიმდინარე წლის მეორე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები, მაგრამ საქსტატი, ანუ მთავრობა, ასაიდუმლოებს ყველაზე მსხვილი ჩინური ინვესტორის ვინაობას.
მეორე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 469 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან 47 პროცენტი, ანუ 219 მილიონი დოლარი, ჩინურია, თანაც-საფინანსო სფეროში. რა არის ამაში საოცარი? ის, რომ საქსტატმა გამოაქვეყნა ამ კვარტალში ათი მსხვილი უცხოელი ინვესტორი კომპანიის დასახელება და ის, რომელიც პირველ ადგილზე უნდა იყოს, ათეულშიც კი არ არის. უფრო მეტიც, გამოქვეყნდა ასევე მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 20 მსხვილი ინვესტორის სია და აქაც ის ჩინური კომპანია, რომელიც პირველ ადგილზე უნდა ყოფილიყო, ოცეულშიც არ არის.
რით უნდა ავხსნათ საქსტატის ეს საქციელი? დიდი ალბათობით, ეს ბაზისბანკის (ჰუალინგის) მიერ ლიბერთი ბანკის შეძენას უკავშირდება. ეს პროცესი საჯარო იყო. ვიცით, რომ ჰუალინგმა ამ თანხის ნაწილი დაფარა თიბისი ბანკის სესხით. ჩინელებმა ლიბერთის შესაძენად გადაიხადეს დაახლოებით 250 მილიონი დოლარი. აქ ჩნდება კითხვა-გარდა თიბისი ბანკის სესხისა (სავარაუდოდ, 100 მილიონი დოლარი), საიდან მოვიდა დანარჩენი ფული? ლიბერთის დამფუძნებელმა ირაკლი რუხაძის კომპანიამ ლიბერთის გაყიდვით მიღებული ფულის გარდა გასული წლების დივიდენდებიც (გაუნაწილებელი მოგება) გაიტანა, რომლის ჩათვლითაც მან 330 მილიონი დოლარი მიიღო.
რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, დამალოს მსხვილი ჩინელი ინვესტორის დასახელება? მიზეზი ორი შეიძლება იყოს: ა) ლიბერთიში გადახდილი ფულის წარმომავლობა; ბ) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კატასტროფული კლების მიჩქმალვა მანიპულაციების გზით.
ირაკლი რუხაძის მიერ საქართველოდან 330 მილიონი დოლარის გატანა ნიშნავს ინვესტიციების კლებას. ჰუალინგის მიერ ნასესხები ფულით ბანკის ყიდვა არ არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. გამოდის, რომ მეორე კვარტალში, ისევე როგორც წლის პირველ ნახევარში, ინვესტიციების მოცულობა კრიტიკულად დაბალ ნიშნულზე იქნებოდა, თუ ჰუალინგის მიერ ლიბერთიში გადახდილ ფულს ინვესტიციებად არ აღრიცხავდა.
საქსტატი ვერსად დაიმალება, მოუწევს პასუხის გაცემა. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც მან ჩაიდინა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, რაც პოლიტიკურ მიზანს ემსახურება“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

