საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ინტერნაციონალური დანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა, რომელიც ჩრდილოეთ სამხედრო ოლქის ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად შეიქმნა და რომელსაც თავადვე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ი ავრცელებს.
ფარცხალაძის თქმით, იგი უკვე არის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ვეტერანი და რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მიიღო. მისი თქმით, დანაყოფის დასახელება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება.
„სწორედ რუსმა მიხაილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს 1945 წელს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე, ჩემი თანამემამულეებიდან ყოველი მეოთხე თავისუფლებისთვის იბრძოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც მაშინ, მტრის განადგურების სიმბოლოს ისევ აღმართავენ რუსი და ქართველი. ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანებისა და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვის მომხრე თანამოაზრეებმა ჩამოვაყალიბეთ ინტერნაციონალური დანაყოფი „გეორგიევსკი“, – აღნიშნა ფარცხალაძემ.
მისი თქმით, დანაყოფის მთავარი ამოცანაა „დაასრულოს ბრძოლა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს ემუქრება“.
რომანოვ-ფარცხალაძემ აღნიშნა, რომ მან ნებაყოფლობით გადაწყვიტა მეორე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა რუსეთის მხარეს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების დაწყებიდანვე ის და მისი გუნდი აქტიურად ეხმარებოდნენ რუს სამხედრო მოსამსახურეებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში (ДНР), კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში.
„დღეს, როდესაც რუსეთი იბრძვის დასავლური ზეწოლის წინააღმდეგ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მე მზად ვარ დავეხმარო სამშობლოს ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში“, – დასძინა რომანოვ-ფარცხალაძემ.

