„წავიკითხე ძალიან კარგი მწერლის, ლაშა ბუღაძის სრულიად შესანიშნავი ახალი წიგნი „დამკვირვებელი“, რომელიც მთავრდება ფრაზით „დესპოტი მოკვდა“. ერთდროულად ვიხალისე, მაგრამ ასევე მართლა ძალიან შემეშინდა სინამდვილეში დღევანდელი მდგომარეობიდან, წიგნი აღწერილ იმ მდგომარეობამდე, რომელშიც ჩავარდება საქართველო, ჭორვილელების მმართველობის პირობებში ძალიან ცოტა დისტანცია გვაშორებს.
ეს წიგნი არის მძლავრი გაფრთხილება ყველასთვის ვისაც კითხვის და აზროვნების კიდევ უნარი ჯერ არ დაუკარგავს. არ არის შემთხვევითი, რომ „დამკვირვებლებზე“ განსაკუთრებით ავარდნენ ქოცები. ყველას გირჩევთ იყიდოთ და გაეცნოთ.
დარწმუნებული ვარ, თუ ესენი დროზე არ მოვაშორეთ, ლაშასაც დაიჭერენ და სხვა მწერლებსაც (ზვიად რატიანი კი ჰყავთ უკვე ციხეში) და სიკვდილით დასჯასაც მალე შემოიღებენ პირველ რიგში მათთვის, იმიტომ რომ სრულიად გაუნათლებლების ხროვას, რომელმაც ხელში ჩაიგდო საქართველო, ჭირივით ეზარება განათლება და აზროვნება.
განათლების სისტემას თავიდანვე აქტიურად სპობდნენ და ახლა გადავიდნენ სოციალურ ქსელებში გამოთქმულ აზრებზე და ინტელექტუალური პროდუქტის შემქმნელებზე. შემდეგ დაიწყებენ ხალხისთვის ოთახების ჩამორთმევას და იქ რუსების შემოსახლებას და რა თქმა უნდა, რიყის თეატრის დამანგრეველი დიქტატორი, აუცილებლად დაადგამს თბილისს დიდ რკინის ხუფს, როგორც ლაშას აქვს აღწერილი.
ამ წიგნს აქვს ერთი დიდი ჩავარდნა, კერძოდ ჩემზე პასაჟი (233-237 გვერდები) ეს პასაჟი ძალიან უკბილო და წიგნის საერთო სულისკვეთებიდან ამოვარდნილია. სწორედ ბაბლის მიერ მოხვეული იდეოლოგიის ნაწილია რას ამბობს ბაბლი? – სააკაშვილს იმიტომ ალაპარაკებენ ამდენს, რომ მტრის ხატად იყენებენო და ეს ჩვენს ბრძოლას აზიანებსო.
კი, მცირე უმცირესობისთვის ალბათ ვარ მტრის ხატი, მაგრამ მებრძოლი საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ბრძოლის სიმბოლოდ აღმიქვამს და ჩემი მომხრეების, პუტჩისტები მიერ დამკვიდრებული ტერმინი “კარვის ქალების ” დონეზე დაყვანა და დეგრადირებულ არსებებად წარმოდგენა, რომლებიც ჩემი პლაკატებით უაზრო დაბორიალობენ, ბინძური დაცინვაა და ნამდვილი ვირობაა და ლაშა შენ არ გეკადრება.
ჩემი მომხრე ქალბატონები ნამდვილად კარგი, იდეური და თავდადებული ხალხია, მაგრამ ლაშას ალბათ გაუკვირდება, რომ ბოლო წლებში სკოლის ბავშვებში გამიჩნდა პოპულარობა, რომელიც სულ უფრო იზრდება და ეს პოპულარობა არ არის იმდენად პიროვნული, რამდენადაც იდეებთან და იმ იდეალებთან დაკავშირებული, რომელსაც მე ვასახიერებ.
მე ვაშენებდი მომავლის საქართველოს, ჭორვილელმა დესპოტმა დაგვაბრუნა წარსულში, ხოლო ბაბლი ამ ორს შორის არის გაჭედილი და თავისი არსით წარმოადგენს იმ ჭაობში, რომლებიც ჩაეფლო ქვეყანა, ამიტომაც ვერ ხვდება თუ რატომ არ მიჰყვება მას ხალხი. არ მიჰყვება იმიტომ, რომ ისინი არ განასახიერებენ მომავალს და განასახიერებენ გაურკვევლობას და გაჭედილობას“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

