ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ფიზიკური პირების ქონების გადასახადთან დაკავშირებით კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს და შესაძლებელი იქნება მისი 1-ელ ნოემბრამდე ამოქმედება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება ფიზიკურ პირებს შეეხებათ, კომერციულ სუბიექტებთან მიმართებით კი რეფორმაზე მუშაობა გაგრძელდება.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, მომდევნო კვირის დასაწყისში განხილვა იქნება და შემდეგ საფინანსო კომიტეტი ცვლილებებს პარლამენტში დააინიცრებს.

„დეტალებზე მუშაობა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად მიმდინარეობს. ორშაბათს-სამშაბათს საბოლოო განხილვები გვექნება და ამის შემდეგ, აღნიშნულ საკითხს სავარაუდოდ, პარლამენტის საფინანსო კომიტეტი დააინიცირებს. დეტალებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ზღვრები შეიცვლება. ამ ეტაპზე, ცვლილებები იქნება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და არ იქნება ცვლილებები კომერციული სუბიექტების მიმართ, რაზედაც გაგრძელდება რეფორმა. მომავალში ალბათ ამ ნაწილზე ეტაპობრივად გადავალთ, რადგან კომერციულ შემთხვევაში რეფორმა გაცილებით რთული განსახორციელებელია.

დღეის მდგომარეობით რაც არის 40 000-ლარიანი ზღვარი, ეს შეღავათია დადგენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ეს 40 000-ლარიანი ზღვარი გვაქვს შეღავათად დაწესებული. ეს შეღავათის ოდენობა რამდენით შეიცვლება, ამაზე ვმუშაობთ. კომპანიების ნაწილში ჯერ იგივე იქნება შენარჩუნებული, თუმცა ფიზიკური პირების საბოლოო რედაქციაზე უკვე მომდევნო კვირის ბოლომდე ვიქნებით  შეთანხმებული პარლამენტთან. საბოლოო სახე როცა გვექნება, როგორ დაბალანსდება ბიუჯეტიდან, ამას გადავწყვეტთ უკვე ბიუჯეტის ცვლილებებთან ერთად“, – განაცხადა კაკაურიძემ.

კითხვაზე, მოესწრება თუ არა ცვლილების მიღება 1-ელ ნოემბრამდე, კაკაურიძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნება მიღებული და შესაძლებელი იქნება უკვე გადასახდელ თანხებზე წელს ამოქმედდეს.

ცნობისთვის, 31 აგვისტოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ ფიზიკურ პირებზე ქონების გადასახადზე დღეს არსებული ზღვარი, 40 000 ლარი გაიზარდოს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები