ბექა კობახიძე: ისლანდიის შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის დაახლოებით 100 000 დოლარი; საქართველოსი – 11 000 დოლარი… უფრო უხეშად და გასაგებად, 1000 ლარი რომ აქვს საქართველოში კაცს ხელფასი, ეგეთივე კაცს ისლანდიაში აქვს 9000 ლარი

„ისლანდიამ რეფერენდუმზე უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ამაზე, 1500-ლარიან პროპაგანდისტებს სიხარულის ყიჟინა აქვთ, აი ისლანდიამ უარი თქვა და ჩვენ რა გვრჯისო.

ვინმე რომ არ მოტყუვდეს, მაინც ციფრებსა და ფაქტებში ვთქვათ რეალობა:

ისლანდიის შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის დაახლოებით 100 000 დოლარი; საქართველოსი – 11 000 დოლარი. უფრო გლეხურად რომ ვთქვათ, რიგითი ისლანდიელი ცხრაჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე რიგითი ქართველი. კიდევ უფრო უხეშად და გასაგებად, 1000 ლარი რომ აქვს საქართველოში კაცს ხელფასი, ეგეთივე კაცს ისლანდიაში აქვს 9000 ლარი.

ევროკავშირის საშუალო მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის დაახლოებით 50,000 დოლარი. ანუ, ისლანდიაზე ორჯერ ნაკლები და საქართველოზე თითქმის ხუთჯერ მეტი. ისლანდიელთა 52%-მა ჩათვალა, რომ მათ არ სურთ თავიანთი რესურსების ევროპისთვის გაზიარება და ისედაც კარგად არიან.

ამის საპირისპირო მაგალითი: 2007 წელს პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო 11,000 დოლარი, ანუ იმდენივე, რამდენიც ახლა საქართველოსია. პოლონეთი 2007 წელს გაწევრიანდა ევროკავშირში და 2016 წელს მისმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა 30,000 დოლარს გადააჭარბა. ანუ, სამჯერ გაიზარდა ევროკავშირის წევრობისას მისი ეკონომიკა, რიგითი პოლონელი ახლა სამჯერ მდიდარია, ვიდრე რიგითი ქართველი.

იგივე მდგომარეობა გვაქვს აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, რუმინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 8000 დოლარიდან 23,000 დოლარამდე გაიზარდა.

ამ დროს, ნახირს აყვირებენ „ისლანდიას არ უნდოდა და ჩვენ რად გვინდა???”

იმათ გვინდა, რომ 20 წლისთავზე ჩვენც რუმინელებივით და პოლონელებივით სამჯერ უფრო მდიდრები ვიყოთ, ვიდრე ახლა ვართ!

მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანებისა და დემოკრატიის შემთხვევაში ქართული ოცნება ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ამათ თვითკმარი და საკუთარ თავზე დამოკიდებული ადამიანი არ უნდათ, ამათ უნდათ თავიანთი ხელიდან გადაგდებულ სოციალურ შემწეობაზე იყოს დამოკიდებული ადამიანი, რომელსაც რასაც უნდათ დააჯერებენ და რასაც უნდათ გააკეთებინებენ. ეს ხალხია ესენი“, – წერს ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები