უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
ყოვლადსამღვდელო მეუფეო,
ძვირფასო მამებო, დედებო,
ძმებო და დებო,
გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს!
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადავიდა მარადიულ სამყაროში. გადმოცემით ცნობილია, რომ თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა წმინდა ანგელოზებთან ერთად, რომ მისი სული მიეღო და ზეცაში აეყვანა. წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ დედა ღვთისამ დატოვა ისინი.
მაგრამ დედა ღვთისმშობელს არ დავუტოვებივართ. როგორც ნათქვამია დღევანდელი დღესასწაულის ტროპარში: „შობასა ქალწულება დაიმარხე, და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე“, არამედ ის გახდა მარადიული მეოხი ჩვენი ღვთის წინაშე და მთელი კაცობრიობისა და ყოველი ჩვენგანის დედა.
თავის ხანგრძლივ მიწიურ ცხოვრებაში დედა ღვთისმშობელს შეხვდა ბევრი განსაცდელი, მწუხარება და ტანჯვა, მაგრამ მრავალი იყო ასევე სიხარულიც. ამ სიხარულთაგან უკანასკნელი იყო მისი მოახლოებული გარდაცვალების უწყება. თვითონ ეს მოვლენაც მოხდა დიდი სიმშვიდითა და დიდი სიხარულით.
ეს დღე – მიძინება ღვთისმშობლისა – რაზე გვაფიქრებს, ძვირფასო ძმებო და დებო? ჩვენს გარდაცვალებაზეც, რომელიც ყოველ ჩვენგანს მოელის.
უმეტესობა ჩვენგანისთვის რა არის სიკვდილი? ეს არის რაღაც საშინელი მოვლენა, უაზროც, შეიძლება ითქვას, რომელზე არათუ ლაპარაკს, არამედ ფიქრსაც კი ვერიდებით ხოლმე.
რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ცუდად ვაცნობიერებთ, თუ რა არის გარდაცვალება და სიკვდილი.
თქვენ იცით, რომ პირველი ადამიანი ცოდვის გამო დაექვემდებარა სიკვდილს და ამით სათავე დაედო ცხოვრებას განსაცდელებში, შრომაში, მაგრამ ამქვეყნად მოვლენილმა ძე ღმერთმა, უფალმა იესო ქრისტემ ისე გააკეთა, რომ თუ ჩვენ მოგვინდება, თუ ადამიანს მოუნდება, ეს ყველაფერი შეიძლება დარჩეს მხოლოდ სახელწოდებად. მართლაც, დღეს სიკვდილი ჩვენთვის აღარ არის სიკვდილი, მარტო სახელწოდებაა მისი დარჩენილი. უფრო სწორად რომ ვთქვათ, როგორც ამბობს შესანიშნავად წმინდა იოანე ოქროპირი, მისი სახელიც კი ლიტონი გახდა, რადგან სიკვდილს აღარ ვუწოდებთ სიკვდილს, არამედ – გარდაცვალებას, დაძინებას, განსვენებას.
შეგახსენებთ, თვით უფალი იესო ქრისტე რას ამბობს, რომ ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა და მე მივდივარ მის გასაღვიძებლადო (ინ. 11, 11).
წმინდა პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს, რომ „არ გვინდა, ძმებო, თქვენი უმეცრება შესვენებულთა თაობაზე“ (1 თეს. 4, 13).
მაშასადამე, რა ყოფილა გარდაცვალება? ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, გადასვლა მარადისობაში.
წმინდა მამები ასევე ამბობენ, რომ ეს არის მესამე დაბადება ადამიანისა მარადიულ ცხოვრებაში, ანუ დაბადება მარადიულ ცხოვრებაში. როგორც ხორციელად იბადება ადამიანი ამ დედამიწაზე, ასევე იბადება სულიერად ნათლისღების საიდუმლოებაში, აგრეთვე გარდაცვალების შემდეგ იბადება მარადიული ცხოვრებისთვის.
ამ მესამე დაბადებისთვის, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად ვემზადებით, ანდა, საერთოდაც, არ ვემზადებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ მესამე დაბადების გაუცნობიერებლობის გამო, მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში. ხშირად უკვე იმქვეყნად მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებით. ზოგჯერ ასეც ხდება.
ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, დავფიქრდეთ დღეს დღევანდელ დღესასწაულზე, დავფიქრდეთ ჩვენს ამ მესამე დაბადების თაობაზე, იმ დიდებულ წუთებზე და იმაზე, თუ როგორ მოემზადებით ამისთვის. ყოფილიყოს დედა ღვთისა ჩვენი შემწე, მეოხი და მფარველი ამ დიდებულ წუთებსა და წამებში!
კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს!
დღეს, რა თქმა უნდა, ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, ჩვენ ვიკრიბებით და ვლოცულობთ და, რა თქმა უნდა, გვენატრება მისი ლოცვაც, მისი მსახურებაც, მისი სიტყვებიც, მასთან ერთად ყოფნა. ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს!
გილოცავთ კიდევ ერთხელ! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! დედა ღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ოჯახების მფარველი!
ღვთისმშობლის ლოცვითა და მეოხებით, ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!
სიონის საპატრიარქო ტაძარი
28 აგვისტო, 2026 წელი
ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა
ფოტო: ნინო სოზაშვილი

