GUARDIANGE – ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას სისხლის იშვიათი დაავადების სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოსლოს სასახლის ცნობით, ის 28 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 06:35 საათზე (04:35 GMT) ოსლოს ეროვნულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასახლის სახურავზე სამეფო დროშა ნახევრად დაშვებულია.
მის გარდაცვალებამდე 24 საათის განმავლობაში სამეფო ოჯახის წევრები მეფეს ესტუმრნენ და ხალხმა სასახლეში ყვავილები მიიტანა.
ჰარალდი ნორვეგიის პირველი მეფე იყო, რომელიც მე-14 საუკუნის შემდეგ ნორვეგიაში დაიბადა. ტახტზე მისი 53 წლის ვაჟი, ჰააკონი ავა.
35-წლიანი მმართველობის შემდეგ, ჰარალდი დაამახსოვრდებათ, როგორც პოპულარული და რეფორმატორი ფიგურა, რომელმაც მონარქიის მოდერნიზება მოახდინა, ტრადიციები დაარღვია უბრალო მოქალაქეზე დაქორწინებით და ნორვეგიის ყველაზე რთულ მომენტებში გამაერთიანებელი ფიგურის როლი შეასრულა.
სამეფო ოჯახის დამკვირვებლები ამბობენ, რომ ის უბრალო, პატივცემული და საყვარელი ადამიანი იყო და მას ერის „ბაბუას“ და „სახალხო მეფეს“ უწოდებენ – ტიტულს, რომელსაც ასევე მისი მამა, მეფე ოლაფ V, ფლობდა.
ბოლო დროს ჰარალდს და მის ოჯახს ჯანმრთელობის პრობლემები და სკანდალები შეექმნათ, განსაკუთრებით მისი რძლის, მეტე-მარიტის, გარდაცვლილ სექსუალურ დამნაშავის, ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის და მისი შვილის, მარიუს ბორგ ჰოიბის, გაუპატიურების საქმეზე მსჯავრდების გამო.
მისი მმართველობის დროს ნორვეგიის მონარქია ფინანსებისა და ჯანდაცვის საკითხებში უფრო თანასწორი და გამჭვირვალე გახდა, განუცხადა BBC-ს ისტორიკოსმა და TV2-ის სამეფო კორესპონდენტმა ოლე-იორგენ შულსრუდ-ჰანსენმა.
ჟურნალ „სე ოგ ჰორ“-ის სამეფო ექსპერტმა, კაროლინ ვაგლმა, განაცხადა, რომ ის „ყოველთვის ძალიან ახლოს იყო ხალხთან“.
მას დარჩა მეუღლე, დედოფალი სონია, რომელთანაც 58 წლის თნაცხოვრება აკავშირებდა, ქალიშვილი, პრინცესა მარტჰა ლუიზა, ვაჟი, ახალი მეფე ჰააკონი და ექვსი შვილიშვილი.
ჰარალდი დაიბადა 1937 წლის 21 თებერვალს, ოსლოს მახლობლად, სკაუგუმის მამულში.
ის სამი წლის იყო, როდესაც ადოლფ ჰიტლერმა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ნაცისტური გერმანიის ნორვეგიაში შეჭრა ბრძანა.
ჰარალდის დედამ შვილებთან ერთად საზღვარი შვედეთში გადაკვეთა და ისინი აშშ-ში პრეზიდენტ ფრანკლინ დ. რუზველტის მიწვევით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ.
პრინცი ჰარალდი ომის ბოლოს ოჯახთან ერთად ნორვეგიაში დაბრუნდა და დაასრულა სკოლა და სავალდებულო სამხედრო სამსახური. ის 1957 წელს გახდა მემკვიდრე პრინცი და 1960 წლიდან 1962 წლამდე ოქსფორდის ბალიოლის კოლეჯში სოციალურ მეცნიერებებს, ისტორიასა და ეკონომიკას სწავლობდა.
ის წვეულებაზე შეხვდა ბიზნესმენის ქალიშვილ სონია ჰარალდსენს, თუმცა მემკვიდრე პრინცს ცხრა წელი მოუწია ლოდინი, სანამ მასზე დაქორწინების ნებართვას მიიღებდა. მამამისს, მეფე ოლავს, ყოველთვის იმედი ჰქონდა, რომ ის ევროპელ პრინცესაზე დაქორწინდებოდა.
საბოლოოდ მან მამას უთხრა, რომ თუ სონიაზე ვერ დაქორწინდებოდა, დაუქორწინებელი დარჩებოდა, განუცხადა მეფე ჰარალდმა ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელს.
საბოლოოდ, მამამისმა თანხმობა განაცხადა და წყვილი 1968 წლის 29 აგვისტოს ოსლოს საკათედრო ტაძარში დაქორწინდა.
ჰარალდის არჩევანმა გზა გაუხსნა მის ორ შვილსაც, რომ უბრალო ადამიანებზე დაქორწინებულიყვნენ და ვეგლისთვის კი „ამან ხელი შეუწყო მამაკაცებით დომინირებული სამეფო ოჯახის დასასრულს“.
„მას არასდროს ეშინოდა ემოციების, იუმორის ან სისუსტის გამოხატვის და სწორედ ამან გახადა ის ძალიან ადამიანური“, – თქვა სამეფო ექსპერტმა.
როდესაც მისი მამა 1990 წელს ავად გახდა, მემკვიდრე პრინცი რეგენტი გახდა (რეგენტი მონარქიულ სახელმწიფოებში სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებათა დროებით შემსრულებელი პირია). ჰარალდი ტახტზე ავიდა ოლავის გარდაცვალების შემდეგ, 1991 წლის 17 იანვარს.
ისტორიკოს ტრონდ ნორენ ისაკსენის თქმით, ახალი მეფემ თავისი სახე 2000 წლიდან აჩვენა, როდესაც თავშეკავებული, სერიოზული და მორცხვი მამაკაციდან გაცილებით ღია და თანამგრძნობ ადამიანად ჩამოყალიბდა.
2011 წლის ივლისში ჰარალდი მეფის რანგში ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც ნეონაცისტმა ანდერს ბრეივიკმა ოსლოში რვა ადამიანი მოკლა მანქანაში აფეთქებით, სანამ უტოიას კუნძულზე ახალგაზრდულ ბანაკში გადავიდოდა, სადაც 69 ადამიანი, უმეტესად მოზარდები მოკლა.
მეორე დღეს მან თანამემამულეებს ტელევიზიით მიმართა, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ სიტყვით გამოვიდა, სადაც მამამ, ბაბუამ, ქმარმა და მეფემ თანაუგრძნო მსხვერპლებსა და მათ ოჯახებს. მიმართვისას მას ცრემლები წასკდა, ხმა აუკანკალდა და გაუწყდა.
„მე მხოლოდ თქვენი ტკივილის სიღრმე შემიძლია წარმოვიდგინო. როგორც ამ ერის მეფე, თანავუგრძნობ თითოეულ თქვენგანს“, – თქვა მან.
ისტორიკოსმა ოლე-იორგენ შულსრუდ-ჰანსენმა წარსულის გახსენებისას თქვა: „ვფიქრობ, ეს მომენტი ჩვენს გონებაში ჩაიბეჭდა, თუ როგორი უნდა იყოს მონარქია“.
2016 წელს მეფემ კვლავ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში რელიგიის, ეთნიკური კუთვნილებისა და სექსუალური ორიენტაციის მრავალფეროვნების მხარდამჭერი გამოსვლით.


