მამუკა მდინარაძემ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო, ჩემთვის ეს ათი წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და, მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი. ერთი ბედნიერებაა „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, დამთავრებული რიგით ჯარისკაცამდე, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე. თითოეულ მათგანს, ყველას უკლებლივ, თავისი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის იმ დონეზე მიყვანის საქმეში, რომ ამაყად შეგვიძლია>, ვთქვათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამ სიტყვებს – არასდროს საქართველოში არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ ქართველების, ქართველი ხალხის, ჩვენი სამშობლოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდა აქ და დღეს ეს სიტუაცია ნამდვილად გვაქვს. ამიტომ მე მადლიერი ვარ ყველა გადაწვეტილების, რითაც ამ საერთო, დიდი საქვეყნო მიზნისკენ მივდიოდით.
მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა, მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ ათი წლის განმავლობაში თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა არის მაქსიმალური, ურთულესია, არ არის მარტივი ამბავი. მინდა, დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე, ურთულესია, როცა ეს პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, მათ შორის თითოეულ მხარდამჭერს, არამხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს, ვინც სტიმულს გვაძლევს ხოლმე, რათა მეტი ჟინით ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მან დასძინა, რომ ამ დღეებში საზოგადოება ასამდე ვერსიას მოისმენს და შეიძლება, ვიღაცისთვის ყველაზე დაუჯერებელი იყოს, რომ ამ ეტაპზე ეს იყო მისი გულწრფელი სურვილი. „არ გეუბნებით, რომ დაბრუნებას არ ვაპირებ, დავბრუნდები, თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება”- აღნიშნა მან.
მისივე თქმით, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბოლო კვირების განმავლობაში ფიქრობდა.
„რომ მეფიქრა, გუნდში არავინაა, ვინც, ჩემ გარდა, რეგიონებს ვერ მიხედავს, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. წუხელ პრემიერ-მინისტრს დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე, დღეს დილით ასევე ვესაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს. სამ ადამიანს შორის შედგა საუბარი, რომ მირჩევნია, გავიწიო. ისეთი ასაკის შვილები მყავს, ბევრი საკითხი იყო, რაც შეიძლება, გარეთ ცოტა დამაჯერებლად არ ხმოვანდებოდეს. საერთოდ, ხანდახან შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს ხოლმე, ვიდრე რეალობა. ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა ნამდვილად ჩემი ინიცირებული იყო. დავარწმუნე ისინი, რომ ჩემთვის ასე სჯობდა. ჩემი პოზიცია დღეს არ იყო ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ. ამის მადლიერი ვარ და ვფიქრობ, სხვა სფეროშიც თუ ჩემს ძალებს მოვსინჯავ, ჩემთვის, შეიძლება, უკეთესი იყოს. გუშინ არ დამიწყია ამაზე ფიქრი, ბოლო კვირების განმავლობაში ბევრს ვფიქრობდი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება კითხვას, თანამდებობის დატოვებას ხომ არ უძღოდა წინ გუნდის სხვა ლიდერებთან რაიმე დაპირისპირება, მდინარაძემ აღნიშნული გამორიცხა.
„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ, პრემიერისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, არავისთან გამივლია კონსულტაცია. წუხელ შედგა საუბარი ჩემსა და პრემიერს შორის, დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ ამ თემაზე. დღეს დილით, 10:00 საათზე სამმა ადამიანმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვილაპარაკეთ. ეს იყო სულ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, რომ ფიქრობდეს, რომ რეგიონულ მიმართულებას ქვეყანაში მასზე უკეთ ვერავინ მიხედავს, მაშინ გვერდით არ გაიწეოდა და არ დატოვებდა არც პოლიტიკას, არც თანამდებობას. „ნამდვილად მიხედავენ, „ქართულ ოცნებას“ აქ კადრის პრობლემა არ აქვს”, – დასძინა მან.
მდინარაძის თქმით, გუნდში უამრავი ლიდერია, ვინც ამ მიმართულებასაც კარგად მიხედავს.
„მგონია, რომ ამ ქვეყანაში რაღაც-რაღაცებში ჩემი მოკრძალებული წვლილი შეტანილი მაქვს. ათი წელი ამ ინტენსივობით, ამ ჩართულობით, ამ პასუხისმგებლობით გავატარე და ვფიქრობ, ცოტა დასვენებასაც და საკუთარ ოჯახზე, საკუთარ თავზე ზრუნვასაც ვიმსახურებ. ჩემი შვილები ერთი ცხრა წლისაა, მეორე – 13-ის და პრაქტიკულად უჩემოდ გაიზარდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ და არ გამორიცხა, რომ კერძო სექტორში განაგრძოს მუშაობა.
„კერძო სექტორში ალბათ. შეიძლება, ბიზნესშიც მოვსინჯო ჩემი ძალები“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, არ უფიქრია, საკუთარ პროფესიას დაბრუნებოდა.
„გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, არ მიფიქრია. ადრე ხუმრობით ამ თემაზე მილაპარაკია, შეიძლება, ჩემზე ცნობილი ადვოკატი ბევრი არ იყოს ათწლეულები ამ ქვეყანაში-მეთქი, ამაზეც მიხუმრია, მაგრამ ახლა სერიოზულად ამ თემაზე არ მიფიქრია. შეიძლება, ბიზნესში მოვსინჯო ჩემი ძალები, რადგან აზარტული ნამდვილად ვარ ამ მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღრაიბაშვილის ციხიდან გავრცელებულ იმ განცხადებაზეც გააკთა კომენტარი, სადაც მისი სახელი და გვარი ფიგურირებდა, და თქვა, რომ წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის არ გაუგზავნია, მესიჯს თუ არ ჩავთვლით.
„ცხოვრებაში საერთოდ არავისთვის არანაირი წერილი არ გამიგზავნია, არასდროს”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე განმარტებით, მსგავსი საკითხებით არასდროს ყოფილა დაკავებული.
„წერილში რა წერია, იცით თქვენ, წაკითხული გაქვთ ის წერილი? ანუ, მისი მხარდამჭერის პოზიციიდან უნდა მელაპარაკა, ხომ? ის წერილი რომ ჩემი ყოფილიყო, მივყვეთ ლოგიკას, ახლა მაქვს თავისუფლად საუბრის საშუალება, მისი მხარდამჭერის პოზიციიდან არის ეს წერილი დაწერილი, ხომ, მამუკა მდინარაძის რანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო? სად არის ლოგიკა, მითხარით? მამუკა მდინარაძე წერდა, ვიბრძოლოთ ბოლომდეო? სერიოზულად უყურებთ ამ საკითხს? პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, მით უმეტეს, წერილი ჩემს ცხოვრებაში არ გამიგზავნია არავისთვის. არანაირი წერილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, თავად ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ უნდა დაისვას კითხვა, რატომ საუბრობს მაინცდამაინც მდინარაძეზე.
„არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე რა ვიცი, რატომ საუბრობს?“ – აღნიშნა მდინარაძემ.
2025 წელს, მამუკა მდინარაძე, პარლამენტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გადაინაცვალა, სადაც რამდენიმე თვე იმუშავა, და 29 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ დაანონსა, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნებოდა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა, სექტემბერში კი გაუქმდებოდა რეგიონული განვითარების სამინისტრო. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნამდე მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

