ნეპალში კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა, 1 300-ზე მეტი ადამიანი დაკარგულადაა გამოცხადებული

პოლიციის ცნობით, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე, ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 545 ადამიანი. 1 300-ზე მეტი დაკარგული ადამიანის, მათ შორის სულ მცირე 700 უცხოელის ძებნა გრძელდება.

მეცნიერები ჯერ კიდევ მუშაობენ იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია კატასტროფა. ახალ ვიდეოში ნაჩვენებია, თუ სად და როგორც მოწყდა მყინვარის დიდი ნაწილი მთას და ჩაეშვა ქვემოთ მდებარე მდინარეში. მყინვარის მოწყვეტის შედეგად ახლად წარმოქმნილი ტბა ახალი წყალდიდობის საფრთხეს ქმნის.

ნეპალში ჩინეთის საელჩოს განცხადებით, წყალდიდობის შედეგად გადარჩენილთა მოსაძებნად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები „კრიტიკულ ეტაპზეა“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდაპირველი წყალდიდობით გამოწვეული „მეწყრის შედეგად დაზიანებულ ტბაში ამჟამად წყლის დონე მაღალ ნიშნულზეა, ტბამ ადიდება დაიწყო, რაც შემდგომი გარღვევის რისკს ქმნის“.

„სიტუაცია ამჟამად კრიტიკულ ეტაპზეა სამაშველო და საგანგებო სიტუაციების რეაგირებისთვის როგორც ნეპალში, ასევე ჩინეთში“, – წერს საელჩო X-ზე.

„ჩინეთისა და ნეპალის შესაბამისი ორგანოები განაგრძობენ სიტუაციის მონიტორინგს, რისკების შეფასებასა და მართვას“, – დასძენს საელჩო.

ნეპალის მთავრობამ 500 დაკარგული უცხო ქვეყნის მოქალაქის სახელი გამოაქვეყნა, მათ შორის 178 ინდოეთიდან, 65 აშშ-დან და 33 დიდი ბრიტანეთიდანაა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ტიბეტში ხუთი ადამიანი დაიღუპა და 558-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.

ჩინეთის გირონგის ოლქში წვიმა და გრილი ამინდია მოსალოდნელი, სადაც არსებობს შიში, რომ საწყისი მეწყერის დროს ავსებული კაშხალი შესაძლოა გასკდეს და კიდევ უფრო მეტი წყალდიდობა გამოიწვიოს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა ნეპალს „ნებისმიერი სახის დახმარება“ გაუგზავნოს. იგი შეუერთდა ევროკავშირსა და ინდოეთს, რომლებმაც ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ გამოაცხადეს.

ნეპალის პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ერთი თვის ხელფასს სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხავენ. გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

ასევე, მინისტრთა კაბინეტმა ფინანსთა სამინისტროს დაავალა, მოამზადოს რეაბილიტაციის პაკეტი ნეპალ-ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, რასუვაგადის რაიონში, ბჰოტეკოშის მდინარის რაიონსა და ქვედა დინების რაიონებში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ადამიანებისა და ბიზნესებისთვის.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები