„სად მიდის ჩვენი დენი.
ბლოკჩეინი მარტივ ენაზე არის სააღრიცხვო წიგნი, რომელსაც ერთი ორგანიზაციის ნაცვლად ათასობით კომპიუტერი ერთდროულად აწარმოებს.
ძველი ჩანაწერის შეცვლა შეუძლებელია. ტექნოლოგია სასარგებლოა. გამოიყენება მიწის რეესტრისთვის, დოკუმენტბრუნვისთვის, მიწოდების ჯაჭვისთვის.
მაგრამ ბლოკჩეინი და ბიტკოინი ერთი და იგივე არ არის.
ეთერიუმმა (ასევე ბლოკჩეინის პლატფორმა) 2022 წელს კონსენსუსის მექანიზმი შეცვალა და ენერგომოხმარება დაახლოებით 99,95 პროცენტით შეამცირა. ფუნქცია იგივე დარჩა. ანუ ბლოკჩეინს დიდი ენერგია აღარ სჭირდება.
ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც მიწის რეესტრი ბლოკჩეინზე გადაიტანა. ეს ნამდვილი პროგრესი იყო.
დღეს ამ გამოყენებისგან მხოლოდ ხარჯი დარჩა.
ახლა მთავარი.
ელექტროენერგიის ექსპორტს სჭირდება ხაზი, ქვესადგური, სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება, გატარების ტარიფი და მყიდველი.
ბიტკოინს არაფერი ესაჭიროება. წამებში კვეთს ნებისმიერ საზღვარს, უბაჟოდ და ბანკის გარეშე.
ჩვენთან მაინინგი ერთადერთი გზაა, იაფი ელექტროენერგია კაბელის გარეშე გაიტანო ქვეყნიდან, გადააქციო ქონებად და თითქმის არაფერი გადაიხადო.
ეს არის მოდელის მთელი შინაარსი. იაფი დენი ქონებად აქციე და მიითვისე.
2025 წელს მაინინგმა დაახლოებით 752 მილიონი კილოვატსაათი მოიხმარა. ეს ქვეყნის მოხმარების დაახლოებით 5-6 პროცენტია. პარალელურად მოსახლეობას ტარიფი 5 თეთრით გაეზარდა.
ერთი მხრივ, დენი ძვირდება. მეორე მხრივ, ქვეყნის დენის მეოცედი მაინინგში მიდის.
ახლა შევხედოთ მეზობლებს.
სომხეთი.
ამერიკული Firebird აშენებს 100 მეგავატის AI ცენტრს.
პირველი ფაზა 500 მილიონი დოლარი.
მეორე ფაზა. 4 მილიარდი დოლარი და 50 000 GPU. აშშ-მა Nvidia-ს ჩიპებზე საექსპორტო ლიცენზია გასცა.
ამით სომხეთი მსოფლიოს ხუთ უმსხვილეს AI-კლასტერს შორის ხვდება. გამოთვლითი სიმძლავრის 20 პროცენტი სომხურ კომპანიებსა და კვლევას რჩება.
აზერბაიჯანი.
AzInTelecom-მა 2025 წელს გახსნა პირველი სუპერკომპიუტერული ცენტრი Nvidia H200 ჩიპებზე. საფუძველი 2025 წლის საპრეზიდენტო ბრძანებულებაა ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიაზე. სიმძლავრეს უკვე იყენებენ სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები.
100 მეგავატი დაახლოებით იმდენივე ენერგიაა, რამდენსაც ჩვენი მაინინგი ხარჯავს.
შედეგი. იქ რჩება გამოთვლითი სიმძლავრე, ინჟინრები, უნივერსიტეტების წვდომა, მომავლის ტექნოლოგიის გადაცემა..
ჩვენთან ვიღაცის საფულე იზრდება მოსახლეობის და ქვეყნის მომავლის ხარჯზე,
რას უნდა მოვითხოვდეთ.
თავისუფალ ზონებში ყველა მაინინგ-ოპერატორის ბენეფიციარი მესაკუთრე გამოქვეყნდეს (სამეწარმეო რეესტრში).
გაუქმდეს საგადასახადო შეღავათები მაინინგზე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე.
მსხვილ მომხმარებლებს ზამთარში სავალდებულო გამორთვის ხელშეკრულება ჰქონდეთ, რაც საერთაშორისო პრაქტიკაა“, – წერს „ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი სოციალურ ქსელში.

