„საბოტაჟის საქმეზე“ პროცესს ჟესტიკულაციის სასამართლო პროცესს დავარქმევდი, რამდენიმე პოლიციელი ამბობს, რომ რაღაც ჟესტიკულაცია აქვს ნანახი, ოღონდ ვერ იხსენებს, რა იყო, როდის იყო და რა დღე იყო. ასეთი ტიპის მოწმეები არიან, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი იმართება.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთ დონეზე შეიძლება, დაეცე, პოლიციელს სამარცხვინო ცრუ ჩვენებები ათქმევინო.
„ასეთი ტიპის სასამართლო პროცესთან გვაქვს საქმე. ეს არის სრულიად უპრეცედენტო მსოფლიო პრაქტიკაში. არცერთ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სასამართლო პროცესი არ წარმართულა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
კითხვაზე, რომ გამოძიება დაიწყო ვატო შაქარაშვილისა და ნანა კაკაბაძის განცხადების საფუძველზე, გექნებოდათ თუ არა მათთან კითხვა, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ „მათთან არანაირი კითხვა არ მაქვს“.
„მათთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. განცხადების პროკურატურაში შეტანა დაავალეს და გააკეთეს. დანარჩენი მათზე იყოს“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების ბრალდებით. გიორგი ვაშაძეს, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძესა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ხოლო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს – 1 000 000-ლარიანი გირაო.

