ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის საპატიო ორდენით დააჯილდოვა. კობახიძეს ჯილდო გადაეცა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, ირაკლი კობახიძის პრემიერობის პირობებში საქართველო წარმატებით ახორციელებს რეფორმებს.
„თქვენი ძლიერი ლიდერობის პირობებში, საქართველო წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს, აუმჯობესებს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას, ამავდროულად, განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს. მართლაც შთამბეჭდავია თქვენი ქვეყნის განვითარების ამ გამორჩეული გზის ხილვა. დარწმუნებული ვარ, საქართველო მდგრადი განვითარების გზაზე მომავალშიც წარმატებით განაგრძობს წინსვლას. ყაზახეთი საქართველოს ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოდ აფასებს. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა ისტორიული კავშირები, საერთო კულტურული ფასეულობები და მეგობრობის, ურთიერთგაგების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები. ყაზახი ხალხი დიდ პატივს სცემს ქართველ ხალხს. გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მდიდარ ისტორიასა და უნიკალურ კულტურას. ქართული დიასპორა ყაზახეთის საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ქვეყნების დამაკავშირებელ ცოცხალ ხიდს წარმოადგენს. ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ინტენსიური გახდა პოლიტიკური დიალოგი, სტაბილურად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება. ყაზახეთი და საქართველო საერთაშორისო ასპარეზზეც ეფექტიანად თანამშრომლობენ და მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე ერთმანეთს თანმიმდევრულად უჭერენ მხარს“, – განაცხადა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.
როგორც ყასიმ-ჟომართ თოყაევმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწიეს.
„დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებაზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობის, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ყოველივე ეს ქმნის მყარ საფუძველს, რათა ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანოთ. დღეს ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, რომლის საფუძველზეც ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. ეს მართლაც ისტორიული მომენტია და დიდწილად სწორედ თქვენი აქტიური ლიდერობის, პირადი ძალისხმევის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გულწრფელ მადლობას გადაგიხდით ვიზიტისთვის, დათმობილი დროისა და ჩვენი ხალხების კიდევ უფრო დაახლოებისადმი გულწრფელი ერთგულებისთვის. ბატონო კობახიძე, გამორჩეული ლიდერობისა და ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად, გადავწყვიტე, გადმოგცეთ „მეგობრობის“ პირველი ხარისხის ორდენი. ეს ჯილდო ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა. პრემიერ-მინისტრო, დაე, ეს მაღალი სახელმწიფო ჯილდო იყოს ყაზახეთის ხალხის ღრმა პატივისცემის გამოხატულება ქართველი ხალხისადმი და თქვენდამი ჩემი პირადი დაფასების ნიშანი“, – აღნიშნა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.
ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანა ორივე ქვეყნისთვის მეტი სარგებლის, კეთილდღეობის მომტანი იქნება.
„ბატონო პრეზიდენტო, გულწრფელ მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის. ეს ორდენი აღნიშნავს განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც არსებობს ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის. ვამაყობთ ამ ძლიერი მეგობრობითა და პარტნიორობით. ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, მტკიცედ ვართ განწყობილი, ყველაფერი გავაკეთოთ ამ მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები. მადლობას გიხდით განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში. საქართველოს მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს და განავითაროს ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. დღევანდელი დღე უკვე ისტორიულია ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ხელი მოვაწერეთ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მეგობრობისთვის, მხარდაჭერისა და თქვენი ქვეყნის მტკიცე სურვილისთვის, კიდევ უფრო გაღრმავდეს საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

