საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული განათლების ცენტრს ეწვია.
გივი მიქანაძეს ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ უმასპინძლა და ცენტრის უახლესი მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას გაეცნო და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროფესიული განათლების ცენტრის აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
გივი მიქანაძემ მონაწილეებს გააცნო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების მიზნით, 3 მილიონი ლარი გადაეცემა.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც როგორც უმაღლეს, ისე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. პროფესიული განათლების ცენტრი ზუგდიდსა და სენაკში ფუნქციონირებს და რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო სივრცეს წარმოადგენს.
სენაკის პროფესიული განათლების ცენტრი ორიენტირებულია თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების უზრუნველყოფაზე. ცენტრის ინფრასტრუქტურა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, სასათბურე და საფუტკრე მეურნეობებს, ასევე თანამედროვე ტიპის ფერმას, რაც სტუდენტებს პრაქტიკული უნარების რეალურ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
ცენტრში ხორციელდება 16 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის 3 – ინტეგრირებული სწავლების მიდგომით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, ბიზნესისა და განათლების მიმართულებებით.
ამჟამად სენაკის პროფესიული განათლების ცენტრში 400-მდე სტუდენტი სწავლობს, ხოლო მიმდინარე ეტაპზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 320-მდე ადგილია გამოცხადებული.
პროფესიულ განათლებას ცენტრში წარმატებით ეუფლებიან აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოსული სტუდენტებიც.
სენაკის პროფესიული განათლების ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ინვენტარით და სრულად ადაპტირებულია შშმ და სსსმ პირთა საჭიროებებზე.
მინისტრთან ერთად ცენტრში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

