ყირგიზეთის პრეზიდენტი: დღეს მიღწეული შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს ყირგიზულ-ქართულ ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას

მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს. დარწმუნებული ვარ, დღეს მიღწეული შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს ყირგიზულ-ქართულ ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას და წვლილს შეიტანს ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების კეთილდღეობაში, – ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სადირ ჟაპაროვმა განაცხადა, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა დღევანდელი განხილვების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო.

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ორმხრივ ვაჭრობაში არსებული პოზიტიური დინამიკა წარმოადგენს პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომ გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა, გაფართოვდეს პირდაპირი ბიზნესკონტაქტები და ერთობლივი საინვესტიციო პროექტები. დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, აქტიურად ახორციელებს რეფორმებს და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ბიზნესისა და ინვესტორებისთივს. ამ კონტექსტში ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ პარტნიორებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, ციფრული ეკონომიკის ტურიზმისა და სხვა პერსპექტიულ სექტორებში და შესაბამის პროექტებში“, – განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზის დაკავშირებას საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურასთან.

„ხაზი გავუსვით, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობა, ასევე ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და სპორტის სფეროებში განხორციელდეს გაცვლითი პროგრამები. მე მოვუწოდებ ქართველ სპორტსმენებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მომთაბარე ხალხთა მეექვსე მსოფლიო თამაშებში, რომლებიც ყირგიზეთის რესპუბლიკაში წელს გაიმართება.

დარწმუნებული ვარ, ეს მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება იმისათვის, რომ გაძლიერდეს მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის, გაძლიერდეს ურთიერთგაგება და კულტურული დიალოგი. ჩვენ განვიხილეთ ძირითადი საკითხები ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებში და ასევე განვიხილეთ მრავალმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს იმისათვის, რომ ყირგიზეთის საერთაშორისო ინიციატივებს დაუჭირა მხარი მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების საკითხზე და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ ამ მიმართულებით მჭიდროდ ვითანამშრომლებთ.

მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს. დარწმუნებული ვარ, დღეს მიღწეული შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს ყირგიზულ-ქართულ ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას და წვლილს შეიტანს ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების კეთილდღეობაში.

პატივცემულ პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა ნაყოფიერი მოლაპარაკებებისთვის და დიდი მადლობა, რომ მზად ხართ ყირგიზულ-ქართული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს მეგობარ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და უწყვეტ განვითარებას“, – განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები