შალვა პაპუაშვილი: უილსონის მოწოდება სჭირდება ტრამპს, რომ ირანის და რუსეთის გავლენები შეისწავლოს პლანეტის ნებისმიერ წერტილში?

ჯო უილსონს აკვიატება აქვს და ეს აკვიატება ვინმეს თუ გადაედება, ცუდი იქნება, მისი ერთადერთი მიზანია საინფორმაციო ხმაურის შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს ჯო უილსონის მითითება არ სჭირდება კონკრეტულ სახელმწიფოებთან დაკავშირებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სადაზვერვო ინფორმაცია შეაგროვოს.

„აშშ ირანის და რუსეთის გავლენებზე ისე დაზვერვას არ აწარმოებს და ინფორმაციებს არ აგროვებს? ჯო უილსონის მოწოდება სჭირდება დონალდ ტრამპს, რომ რუსეთთან და ირანთან დაკავშირებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმოქმედოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გავლენების გამოვლენაზე თუ რეაგირებაზე? მართლა საბავშვო ბაღის აღსაზრდელივით იქცევა ზოგიერთი გარე პოლიტიკოსი. ჯო უილსონის მოწოდება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს ირანის და რუსეთის გავლენები შეისწავლოს პლანეტის ნებისმიერ წერტილში? ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო, რომლითაც „საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე“ საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს.

კანონპროექტი გამოხატავს ვაშინგტონში მზარდ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ პარტია „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ექცევა აშშ-ის მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების გავლენის ორბიტაში. კანონპროექტი აშშ-ის ადმინისტრაციას ავალდებულებს, მოამზადოს გასაიდუმლოებული შეფასება საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო სტრუქტურების შეღწევის მასშტაბების შესახებ, მათ შორის, იმის თაობაზე, თუ რამდენად იკვეთება მათი საქმიანობა ერთმანეთთან.

წარმომადგენელთა პალატა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დაზვერვისა და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად, ავალებს, რომ აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში წარადგინონ გასაიდუმლოებული ანგარიში. ასევე, გასაიდუმლოებული ანგარიშის მომზადების გარდა, კანონპროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ აშშ-ის 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს და განსაზღვრავს, უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-მ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ინვესტიციების ჩადება.

კანონპროექტის მიღებამდე წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოვიდა „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონი.

„არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამჟამად ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. არჩევნები საქართველოში გაყალბებული იყო. ამასთან ერთად, ისინი ავრცელებდნენ ყველაზე ბინძურ ანტიამერიკულ პროპაგანდას და მუდმივად შეურაცხყოფენ პრეზიდენტ ტრამპს, მას „დიფ სთეითის“ აგენტად მოიხსენიებენ. სინამდვილეში, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო საპატიო სტუმარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე… ამ რეჟიმის ქცევა საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა სამხრეთ კავკასიაში მიაღწია და ეს უნდა შეიცვალოს“, – აღნიშნა უილსონმა.

მას შემდეგ, რაც კანონპროექტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, ის სენატს გადაეცა განსახილველად და დასამტკიცებლად.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები