საქართველო ნაწილობრივ დამოკიდებულია ჯანსაღ მსოფლიო ეკონომიკაზე. შესაბამისად, თქვენს პირდაპირ ინტერესს წარმოადგენს როგორც ირანის, ისე უკრაინის კონფლიქტის მყისიერი დასრულება. ეს ორი გეოპოლიტიკური კონფლიქტი დიდ გავლენას ახდენს უშუალოდ თქვენი ქვეყნის განვითარებაზე, – ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტოლოგმა, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯონ მიერშაიმერმა განაცხადა.
მისი თქმით, დიდ ძალებს უზარმაზარი გავლენა აქვთ საქართველოს მსგავს მცირე ზომის ქვეყნებზე და პატარა ქვეყნებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ დიდ ძალთა პოლიტიკას.
ამერიკელი პოლიტოლოგის განმარტებით, მსოფლიოში მიმდინარე ორ მასშტაბურ კონფლიქტს უდიდესი გავლენა აქვს საქართველოზე, რაც, პირველ რიგში, გეოგრაფიული ადგილმდებარეობით არის განპირობებული.
„თანამედროვე სამყაროში ეკონომიკისა და უსაფრთხოების საკითხები ერთმანეთთან ისე გადაიჯაჭვა, როგორც არასდროს. ამ რეალობის გააზრება უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, თუ გაინტერესებთ მდგრადი განვითარების პერსპექტივები, აუცილებელია გეოპოლიტიკის გათვალისწინებაც. კერძოდ იმის, როგორ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან მსოფლიოს დიდი ძალები, ვინაიდან დიდი ძალები არიან სისტემის ე.წ. გორილები, რომელთაც უზარმაზარი გავლენა აქვთ საქართველოს მსგავს მცირე ზომის ქვეყნებზე. ამ მიზეზით პატარა ქვეყნებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ დიდ ძალთა პოლიტიკას. თუ დავაკვირდებით, როგორ აისახება დიდი ძალების პოლიტიკა საქართველოზე, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში ყველაზე შემაშფოთებელი ის ფაქტია, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს ორი მასშტაბური კონფლიქტი. მათ უდიდესი გავლენა აქვთ საქართველოზე, რაც, პირველ რიგში, გეოგრაფიული ადგილმდებარეობით არის განპირობებული.
საქართველოს პერსპექტივიდან ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან საქართველო ნაწილობრივ დამოკიდებულია ჯანსაღ მსოფლიო ეკონომიკაზე. შესაბამისად, თქვენს პირდაპირ ინტერესს წარმოადგენს როგორც ირანის, ისე უკრაინის კონფლიქტის მყისიერი დასრულება. ეს ორი გეოპოლიტიკური კონფლიქტი დიდ ზეგავლენას ახდენს უშუალოდ თქვენი ქვეყნის განვითარებაზე.
ალბათ ხაზგასმას არ საჭიროებს, რომ ეკონომიკური განვითარება — და განსაკუთრებით სწრაფი ეკონომიკური განვითარება — არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის. გეოპოლიტიკა ამ გზაზე გარკვეულ პრობლემებს წარმოქმნის, ასე რომ, მნიშვნელოვანია, კარგად დავფიქრდეთ გეოპოლიტიკასა და მდგრად განვითარებას შორის არსებულ ურთიერთკავშირზე“, – განუცხადა ჯონ მიერშაიმერმა საქართველოს პირველ არხს.

