ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების ისეთი გარანტიები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ომი რუსეთთან თანასწორ პირობებში დავასრულოთ, ნებისმიერ დიპლომატიურ ფორმატში

ღრმა დარტყმები უკრაინას რუსეთთან თანაბარ პირობებში მოლაპარაკების საშუალებას აძლევს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინისთვის ასეთი დარტყმების მასშტაბის გაზრდა მხოლოდ დროის საკითხია.

„ღმერთს მადლობა, ჩვენი შეიარაღებული ძალების წყალობით, ჩვენი ძალა დღეს ბრძოლის ველზე იგრძნობა. ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ღრმა დარტყმებში. დღეს ჩვენ მივაღწიეთ მიზანს 1 100 კილომეტრის დაშორებით და ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი – ეს არის კონკრეტული მიზანი და კონკრეტული შედეგი. ღმერთს მადლობა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების ისეთი გარანტიები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ეს ომი რუსეთთან თანასწორ პირობებში დავასრულოთ, ნებისმიერ დიპლომატიურ ფორმატში. მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი ჩვენ წინააღმდეგ დრონებსა და რაკეტებს გამოიყენებენ, ჩვენც იმავეს გავაკეთებთ. და მხოლოდ დროის საკითხია, ვიდრე ჩვენი რეაგირების მასშტაბს გავზრდით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების დასაწყებად ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობს.

„ეს ყველას გვჭირდება. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ რამდენიმე ქვეყანასთან – საფრანგეთთან, ნორვეგიასთან, გერმანიასთან, შვედეთთან, დანიასთან, იტალიასთან და სხვა პარტნიორებთან – ევროპული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები