ყველაზე ჯანსაღად ოპოზიციაში თავად სააკაშვილს შეუფასებია ეს აქცია. რა თქმა უნდა, მას უნდა დარჩენოდა უკმარისობის განცდა, რადგან, მთლიანობაში, ეს აქცია ჩავარდა და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც გვარამია, ჯაფარიძე, ვაშაძე, ზურაბიშვილი და ასეთი ადამიანები აანონსებენ აქციას, იქ წარმატების რესურსი არ არსებობს.
„გვარამია, ჯაფარიძე, ვაშაძე, ზურაბიშვილი, ასეთი ადამიანები როდესაც აანონსებენ აქციას, იქ წარმატების არავითარი რესურსი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის უკმარისობის განცდა არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – აღნიშნა პრემიერმა.
პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა: „მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მსვლელობამ მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა, არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას, რა არის შემდეგი ნაბიჯები, ვეძებთ რევოლუციური ჯავშანმანქანის ინჟინრებს“.

