მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მიმართულებით ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს სამი შეცდომის  ნაცვლად, ხუთი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, რაც ნიშნავს, რომ გამოცდაზე მოცემული 30 შეკითხვიდან კანდიდატმა 25 სწორი პასუხი უნდა დააფიქსიროს.

ასევე, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე  გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, გორსა და ბათუმში მარშრუტების ცვლილება განხორციელდა.

კიდევ ერთი ცვლილება მიმდინარე წლის 15 ივნისიდან შევა ძალაში. არსებული წესით, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავს. ცვლილების ამოქმედების შემდგომ, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს.

B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების წესი მარტივდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, არსებულ წესში შემდეგი ცვლილებები შედის:

B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს, სამი შეცდომის ნაცვლად, ხუთი შეცდომის დაშვების უფლება ექნება.

კერძოდ, B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისთვის განსაზღვრული 30 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს, სულ მცირე, 25 ქულა. აქამდე მოქმედი რედაქციით, მძღოლობის კანდიდატი ვალდებული იყო, 30 საგამოცდო ტესტიდან, სულ მცირე, 27 ქულა დაეგროვებინა.

ამასთან, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე იზრდება.

ცვლილებამდე არსებული წესით, მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავს. ახალი წესით, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს.

ცვლილების მიხედვით, გარკვეული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატს გამომცდელის მიერ მიეცემა შეცდომის აღმოფხვრის შესაძლებლობა. აღნიშნული მიზნით, გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატს მიეცემა შესაბამისი მითითება (მაგ.: „გთხოვთ, კიდევ ერთხელ შეამოწმოთ საგზაო მოძრაობისთვის მზადყოფნა“). ამასთან, გამომცდელი უფლებამოსილია, გააჩეროს საგამოცდო ავტომობილი ან მძღოლობის კანდიდატს მისცეს საგამოცდო ავტომობილის გაჩერების მითითება.

კიდევ ერთი ცვლილება ეხება გამოცდის მეორე ეტაპისთვის დასაჯავშნ ადგილებს.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის რიგში დასაჯავშნი ადგილების მძღოლობის კანდიდატებს შორის შესაძლო თანაბარი გადანაწილების პირობების უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო უფლებამოსილი იქნება, შეიმუშაოს შესაბამისი მეთოდოლოგია/ალგორითმი, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლობის კანდიდატთა ბაზის ანალიზს და აღნიშნული მიზნის შესაბამისი, სააგენტოს მიერ შემუშავებული პრიორიტეტების (მაგ.: პირველადი გასვლა, ნაკლები გასვლა, რიგში დაჯავშნის მოლოდინის დიდი პერიოდი და ა.შ.) საფუძველზე რიგში ადგილების დაჯავშნის სისტემის მართვას.

მომსახურების სააგენტოს განმარტებით, 22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები