ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას და თანამშრომლობას და მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯები ამ მიმართულებით

GUARDIANGE – ჩვენ ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას და თანამშრომლობას ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე და მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯები ამ მიმართულებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკი უკრაინის საგარეო საქმეთა მინიტრ ანდრე სიბიჰასთან ერთად განხილული საკითხების შესახებ აქვეყნებს განცხადებას და საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების მზადყოფნასაც გამოხატავს.

„ანდრეი სიბიჰასთან ერთად განვიხილეთ ჩვენი ევროპული საგარეო პოლიტიკის ამოცანები მაისისა და ივნისისთვის. გუნდურ დონეზე, ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ დიალოგს უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან და არსებობს ურთიერთობების კონსტრუქციული გადატვირთვის პერსპექტივები. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ემზადებიან უნგრეთთან ორმხრივი კონსულტაციების ფორმატისთვის – მე შედეგების მჯერა.

მინისტრთან ასევე განვიხილეთ ჩვენი მუშაობა ევროპულ ინსტიტუტებთან, რათა გაიხსნას კლასტერები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში – უკრაინამ გადადგა საჭირო ნაბიჯები და მნიშვნელოვანია, რომ პროცესებისთვის მკაფიო ვადები იყოს განსაზღვრული.

ანდრეი სიბიჰამ ასევე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციაზე. ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობების ნორმალიზებას და თანამშრომლობას ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე და მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯები ამ მიმართულებით.

განისაზღვრა ცალკეული ამოცანები რუსეთის ომის დასრულების მოლაპარაკებებთან და ევროპის შესაძლო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით ამ პროცესში – ჯერჯერობით ეს ამოცანები საჯარო არ არის. ჩვენ ველით, რომ ევროპა იქნება ძლიერი და ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს პანევროპული პოზიციები და ინტერესები, ისევე როგორც უკრაინის. დიდება უკრაინას!“, – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები