GUARDIANGE – რუსეთის ოფიციალური პირების ცნობით, მოსკოვის ოლქზე უკრაინული დრონების მიერ განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიევმა განაცხადა, რომ ხიმკიში, დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ სახლში ქალი გარდაიცვალა, სადაც ერთი ადამიანი ნანგრევების ქვეშ იყო მოყოლილი. სოფელ პოგორელკში კაცი და ქალი დაიღუპნენ.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ქალაქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. რუსეთის სამხედრო ძალების ცნობით, 556 დრონი ჩაჭრეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დარტყმები უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სასიკვდილო თავდასხმებზე „სრულიად გამართლებული“ პასუხი იყო.
ამ კვირის დასაწყისში, კიევში რუსული დრონებისა და სარაკეტო თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ცენტრალურ ნაწილში რუსული დრონების მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.
კვირას, დილით ადრე, Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვორობიევმა დაწერა, რომ „დილის სამი საათიდან საჰაერო თავდაცვის ძალები დედაქალაქის რეგიონზე მასშტაბური უპილოტო საფრენი აპარატების [დრონების] შეტევას იგერიებენ“.
მისი თქმით, რეგიონში ოთხი ადამიანი – სამი მამაკაცი და ერთი ქალი – დაშავდა და რამდენიმე სახლი დაზიანდა.
მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ სუბბოტინოში კერძო სახლი იწვის, დასძინა გუბერნატორმა.
მოსკოვის მერმა სობიანინმა განაცხადა, რომ ქალაქის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შესასვლელთან დრონების დარტყმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, ახლომდებარე სამი სახლი კი დაზიანდა.
ამასობაში, შერემეტიევომ – რუსეთის ყველაზე დატვირთულმა აეროპორტმა, რომელიც მოსკოვს ემსახურება – მის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევების შესახებ განაცხადა. უწყების ცნობით, არავინ დაშავებულა.
„მგზავრთა ტერმინალებში მდგომარეობა მშვიდია. შერემეტიევოს აეროპორტი მგზავრებისა და თვითმფრინავების სტაბილურ მომსახურებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა აეროპორტის ხელმძღვანელობამ.
კვირას, მოგვიანებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის „გრძელვადიანმა სანქციებმა მოსკოვის რეგიონამდე მიაღწია“, რაც უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულ ბოლო თავდასხმას გულისხმობდა.
„ჩვენ ნათლად ვეუბნებით რუსებს: მათმა სახელმწიფომ ომი უნდა დაასრულოს“, – დაწერა მან Telegram-ზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ადრე პირობა დადო, რომ კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებზე რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმების საპასუხოდ ნაბიჯებს გადადგამდა.
მან შაბათს განაცხადა, რომ ამ კვირაში უკრაინამ უკვე გაანადგურა მაღალი ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის თვითმფრინავი, ვერტმფრენი და სატვირთო გემი. მან დასძინა, რომ ასევე თავს დაესხნენ რუსეთის ნავთობის ობიექტებს.
ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის სამხედრო ძალებმა გააძლიერეს დარტყმები რუსეთში მოქმედ ძირითად ენერგეტიკულ ობიექტებზე.
კიევი აცხადებს, რომ ეს ობიექტები ლეგიტიმურ სამიზნეებს წარმოადგენენ, რადგან ისინი რუსეთს საომარი მოქმედებების გაგრძელების საშუალებას აძლევს.

ასევე, ღამით რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ოთხ რაიონზე დრონით და ჭურვებით 30-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა, განაცხადა ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა ალექსანდრ ჰანჟამ.
მისი თქმით, რვა ადამიანი დაშავდა და რამდენიმე სახლი დაზიანდა ან განადგურდა.
დნეპრის რეგიონის დედაქალაქში სამი ადამიანი დაშავდა და ქალაქში რამდენიმე ხანძარი დაფიქსირდა.
შაბათ საღამოს, უკრაინის სამხრეთ ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ქალი დაშავდა, განაცხადეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა.
უკრაინის საჰაერო ძალების ბოლო განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა შაბათს გვიანობამდე 287 დრონი გაუშვა, საიდანაც 279 დრონი ჩამოაგდეს ან ჩაჭრეს, თუმცა შვიდ ადგილას რვა პირდაპირი დარტყმა განხორციელდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ამჟამად მოსკოვი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებს.

