სასამართლომ პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის თხოვნა დააკმაყოფილა. საუბარია PR-სააგენტო Bygmalion-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე – იმ კომპანიის, რომელიც 2012 წელს სარკოზის საარჩევნო კამპანიას ემსახურებოდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ სარკოზის პარტიამ Bygmalion-ისგან 18 მილიონ ევროზე მეტი მიიღო, რომელიც შემდგომ ოფიციალურ ხარჯებში არ აღირიცხა. სარკოზის ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
მოგვიანებით სასჯელის ვადა ნახევარ წლამდე შემცირდა, თავისუფლების აღკვეთა კი ელექტრონული სამაჯურის ტარებით ჩანაცვლდა. ახლა უკვე სარკოზის სამაჯურის ტარება აღარ მოუწევს.
სარკოზი დამნაშავედ არის ცნობილი სისხლის სამართლის კიდევ ორ საქმეში.
PR-სააგენტო Bygmalion-ის საქმის გარდა, 2021 წლის მარტში საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს კორუფციასა და საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს თანამშრომლის მოსყიდვაში. მაშინ სარკოზის ერთწლიანი პატიმრობა და ორი წელი პირობითი მიესაჯა, თუმცა რეალური სასჯელი ნაწილობრივი შინაპატიმრობითა და ელექტრონული სამაჯურის ტარებით შეიცვალა.
2025 წლის სექტემბერში ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, რომელიც ეხებოდა 2005-2007 წლებში მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მთავრობის მიერ.
სასჯელის სახით სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა განაჩენის აღსრულების გადავადებით. 2025 წლის ოქტომბერში ნიკოლა სარკოზიმ ციხეში 20 დღე გაატარა და სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ გათავისუფლდა. ამჟამად სასამართლო ამ საქმეზე სააპელაციო საჩივარს განიხილავს.
ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-დან 2012 წლამდე იკავებდა და ის გახდა სახელმწიფოს პირველი ყოფილი მეთაური, რომელსაც პატიმრობა ციხეში მსჯავრის მოხდით მიესაჯა.

